როგორი რეიტინგი აქვს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედავება

„Credit Suisse-ის მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც რატომღაც საერთოდ არ უფრთხილდება შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას“, - ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მიიჩნევს, რომ Credit Suisse-სთან დაკავშირებული ფაქტები ანგრევს შვეიცარიულ საბანკო სისტემას და მის იმიჯს.

როგორია შვეიცარიის საკრედიტო რეიტინგი? წლებია, მსოფლიოს ლიდერი სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს უმაღლესი ნიშნით (AAA) აფასებს, რაც გულისხმობს დეფოლტის რისკის ყველაზე დაბალ დონეს. ეს რეიტინგი მიენიჭებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინანასური ვალდებულებების გადახდის განსაკუთრებულად ძლიერი შესაძლებლობები აქვთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს სამომავლო მოვლენებმა.

რაც შეეხება უშუალოდ წამყვან შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse Group AG-ს, მისმა რეიტინგმა მაისში ერთი საფეხურით დაიწია. ბანკის რეიტინგი ჯერ Fitch-მა დაწია (იყო A- და გახდა BBB+), შემდეგ კი ის კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო Standar & Poor’s-მაც შეამცირა (იყო BBB+ და გახდა BBB), პერსპექტივა კი უარყოფითიდან სტაბილურისკენ შეიცვალა.

რეიტინგის შემცირებას წინ რამდენიმე სკანდალი უძღოდა, დაქვეითებამ კი კიდევ უფრო გაზარდა დაშორება მის ყველაზე დიდ შვეიცარიელ კონკურენტ UBSG-სთან, რომელსაც Standard & Poor’s-ისგან A- რეიტინგი და სტაბილურობის პერსპექტივა, ხოლო Fitch-ისგან A+ რეიტინგი და ასევე სტაბილურობის პერსპექტივა აქვს.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა იმ ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა საკუთარი ქონებიდან $400 მილიონამდე დაკარგა. ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა ბანკმა წააგო. ამას გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც.

მილიარდერის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს.

კახი ჩაკვეტაძე