ტექინსპექტირების გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს, განმეორებითი ინსპექტირება კი ფასიანი გახდეს - „რეფორმა ჩავარდნის საფრთხის ქვეშაა“

ტექინსპექტირების გადასახადი შესაძლოა, გაიზარდოს, განმეორებით ინსპექტირებაზე კი ფასი დაწესდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, ცვლილების განხორციელება შემოდგომაზე იგეგმება. მეტიც, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ტექინსპექტირების ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში საფასურის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს - პირველ ჯერზე ჯარიმა კვლავ 50 ლარი იქნება, გადაუხდელობის შემთხვევაში, 1 თვის შემდეგ - 150, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი 300 ლარი, ამის შემდეგ რაოდენობა გასამმაგდება.

როგორც „პალიტრანიუსისა“ და რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განაცხადა, ჯარიმების გაზრდა იმით არის განპირობებული, რომ რეფორმა, ფაქტობრივად, ჩავარდნის საფრთხის ქვეშაა.

„ჯარიმების გამკაცრება უკავშირდება იმას, რომ რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საგზაო, ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის, ასევე ევროინტეგრაციისთვის, ფაქტობრივად, ჩავარდნის საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რაოდენობა (ერთეულებში) იზრდება, მიმართვიანობა ინსპექტირების ცენტრებში მცირდება. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ 60 ათასით იკლო მიმართვიანობამ, მაშინ როცა ავტომობილების რაოდენობა 160 ათასით გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოებასაც ბოლომდე გააზრებული არ აქვს ამ რეფორმის მნიშვნელობა, სწორედ ამიტომ არის მიმართვიანობა დაბალი. სინამდვილეში პრობლემა იმაშია, რომ ხალხი არ არის ჩართული რეფორმაში, არ არის ინფორმირებული იმ სასიკეთო შედეგების შესახებ, რაც ტექინსპექტირებამ შეიძლება მოუტანოს.

ჯარიმების გაზრდა არის ამ პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა, თუმცა მხოლოდ ეს ვერ იქნება გამოსავალი, ადამიანებს თავად უნდათ სურდეთ კანონის აღსრულება, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ცნობიერების ამაღლების ნაწილში იყო სამუშაო,“- განაცხადა მესხიშვილმა.

თაია არდოტელი