რა ღირს ბავშვის გაზრდა საქართველოში

„საქართველოში ბავშვის გაზრდა გაძვირდა“ - ერთხმად თანხმდებიან მშობლები, რომლებსაც ამ პრობლემასთან უშუალოდ უწევთ შეჭიდება. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი ყველა სფეროზე აისახა და გამონაკლისი არც საბავშვო კვება და პროდუქციაა. ყელაფერი კი უფრო რთულად არის, თუ ჩვილი არ არის ბუნებრივ კვებაზე და ფორმულას ჭამს.

„ბიზნესპრესნიუსმა“ გადაწყვიტა, ახალბედა მშობლები გამოეკითხა და გაერკვია, საშუალოდ რა ჯდება ბავშვის გაზრდა.

„ჩემი ბავშვი 4 თვემდე ბუნებრივ კვებაზე იყო, 4 თვიდან კი აქტიურად ჭამდა ფორმულას, რადგან რეფლუქსი ჰქონდა და ამ მხრივ ხელის შეწყობა სჭირდებოდა. სპეციალურ კვებაში 42 ლარს ვიხდიდი და ყოველ მეოთხე დღეს ახალი ქილა სჭირდებოდა. ამას გარდა იყო ალერგიული და ვახმარდი ერთ კონკრეტულ პამპერსს, რომელიც 34 ლარი ღირდა და ერთი შეკვრა 5 დღე ყოფნიდა. 6 თვიდან დავამატეთ ფაფები, ხორცი, ბოსტნეული, თევზი და ხილი და ერთ თვეში კვება და ჰიგიენა საშუალოდ 1450 ლარი გვიჯდება“,- აცხადებს 3 წლის ტაისიას დედა.

1,6 წლის ნიტას დედის თქმით კი, მთელი შემოსავალი ბავშვის მოვლაში მისდის და ეს ერთადერთი საკითხია, რაშიც ეკონომია ვერ კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ კვებაზეა და ამ მხრივ ხარჯი არ გვაქვს, სხვა ყველაფერი მაინც ძალიან ძვირი ჯდება. მარტო მზა ხილფაფები, რომლებიც დღეში ერთი უნდა, რვა ლარამდე ღირს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვეში მარტო 200 ლარის ხილფაფები უნდა. პამპერსი 43 ლარი ღირს და თვეში მინიმუმ 2 შეკვრა სჭირდება.

ერთ ნაჭერ ორაგულში, რომელიც მაქსიმუმ ორი კვება ეყოფა, 18 ლარს ვიხდი. უფროსი შვილი 6 წლის მყავს და ის რომ პატარა იყო, ხუთ ლარამდე ვიხდიდი ნაღების კარაქში, ახლა ზუსტად იგივე მოცულობის, 10 ლარი და მეტი ღირს. ერთი თავი სულგუნი მინიმუმ 30 ლარი გამოდის, არადა ამის ნახევარი ჯდებოდა ხოლმე. ყველაფერი ხომ აუცილებელია ბავშვისთვის და ვცდილობ, არ მოვაკლო, მითუმეტეს, თუ გაცივდნენ და ექიმი დაგვჭირდა, ყველაფერი თვეში 2000 ლარამდე გვიჯდება, რაც ძალიან ბევრია“ - აცხადებს ის.

ყველაფერი კი გაცილებით რთულად არის ტყუპების შემთხვევაში. როგორც 9 თვის ტყუპების დედამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, ერთი შეკვრა პამპერსი, რომელიც 47 ლარი ღირს, ორივეს 3-4 დღე ყოფნის. რაც შეეხება კვებას, ერთი ქილა 27 ლარი ღირს და ტყუპებისთვის ის ყოველ მესამე დღეს საყიდელია. ამას ემატება ხილი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი - ხბოს ხორცი ერთი კილოგრამი 27 ლარი ღირს, ხოლო თევზი - 100 გრამი 36 ლარი. „ერთი შეკვრა ფაფა ორივეს 2 დღე ყოფნის, ერთი ფლაკონი დ ვიტამინი, რომელიც აუცილებელია 2 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის, 22 ლარი გახდა და მის ყიდვაზეც ვერ გავაკეთებ ეკონომიას. არ ვიცი ზუსტად რამდენი გვეხარჯება თვეში, მაგრამ ცოტა რომ არ არის, ზუსტად ვიცი“,-აცხადებს ტყუპების დედა.

ცნობისთვის, ამერიკულ მედიაში ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ბაზარზე საბავშვო ფორმულას წარმოების დეფიციტი შეინიშნება და რომ ეს ყველაფერი უახლოს მომავალში ფორმულას კრიზისს გამოიწვევს.

ეკა დარჩიაშვილი