სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინოზე კონტროლს ჟურნალისტებთან ერთად განახორციელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა ინტერესებისა და ქართული ბაზრის ფალსიფიკაციისგან დასაცავად ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ფართომასშტაბიანი შემოწმება დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საკითხისადმი მედიისა და საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, მედიასემინარი გაიმართება, სადაც ჟურნალისტებს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს გააცნობენ.

სემინარის დასრულების შემდეგ მოეწყობა მედიატური ერთ-ერთ შესამოწმებელ რესტორანში, სადაც მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ინსპექტირების მიმდინარეობას დააკვირდნენ.  "შემოწმდება როგორც ჩამოსასხმელი, ისე ბოთლის ღვინო. ღვინის ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნება, სადაც ჩატარდება კვლევები ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებლებზე. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ღონისძიებები განხორციელდება", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.