ზურაბ აბაშიძე: აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი არაფერი ყოფილა

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ ქართველ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ქართულმა მხარემ თავის მხრივ დაადასტურა, რომ საბაჟოებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსებისთვის საჭირო დოკუმენტებზე და კონტრაქტებზე მუშაობა დაასრულა. "ჩვენ მივიღეთ რუსი კოლეგებისგან პრინციპული დადასტურება, რომ რუსეთი ფაქტობრივად ასრულებს მუშაობას შესაბამის დოკუმენტებზე", - განაცხადა აბაშიძემ. რაც შეეხება აფხაზეთის რკინგიზის თემას, აბაშიძემ აღნიშნა, რომ "აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი არაფერი ყოფილა". "ჩვენ ადრეც გვსმენია მათი აზრი, რომ თუ საქართველო დაინტერსებულია ამ რკინიგზის მონაკვეთის ამოქმედებით, ჩვენ უნდა მივმართოთ აფხაზებს და მათთან უნდა მოვილაპარაკოთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.