„ციფრული ლენდლიზი“ - უკრაინის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Google-ის სერვისები უფასო ომის დასრულებამდე იქნება

Google უკრაინის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის თავის სერვისებს უფასოდ დატოვებს. ამის შესახებ უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა, მიხაილ ფედოროვმა Telegram-არხზე დაწერა, რასაც ადგილობრივი „ნოვოე ვრემია“ ავრცელებს.

მინისტრის ცნობით, Google-მა გადაწყვიტა, უკრაინის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სპეციალური პირობები შეენარჩუნებინა და ომის დასრულებამდე ისინი Google Workspace-ის გადასახადისგან გაათავისუფლა. დანარჩენ მსოფლიოში Google Workspace-ის სერვისებისთვის გადასახადი 1 ივლისიდან დაწესდა. Google Workspace კორპორატიულ ფოსტას, ღრუბლოვან საცავსა და სხვა სერვისებს მოიცავს.

„ივლისიდან Google-მა Google Workspace-ის ფასიანი გამოწერა დანერგა, მაგრამ ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სპეციალურ პირობებზე შევთანხმდით და სრულმასშტაბიანი ომის დასრულებამდე ეს სერვისები უფასო იქნება,“ - წერს ფედოროვი.

მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა Google-ს უკრაინისადმი რეგულარული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. კერძოდ, კომპანიამ ქვეყნისთვის 15 მლნ დოლარის დახმარება გამოყო, Google Workspace-ის უკრაინელი პედაგოგებისთვისაც უფასო გახადა და სკოლებს 43 000 ლეპტოპი გადასხა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ მსოფლიოს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს უკრაინისთვის „ციფრული ლენდლიზის“ მოწყობისკენ მოუწოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ