ივნისში ხაჭაპურის ინდექსი 28%-ით გაიზარდა - ISET

2022 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.39 ლარი იყო, რაც 2.7%-ით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელზე და 28.1%-ით მეტია 20221 წლის ივნისის მაჩვენებელზე - წერია ISET Policy Institute-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

ხაჭაპურის ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება და ის ქართული ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯებს ასახავს.

2021 წლის ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაზრდილია. ინგრედიენტების ფასებს თუ უფრო დეტალურად შევხედავთ, დავინახავთ, რომ ივნისში ხაჭაპურის ინდექსის ინფლაციის ძირითადი მიზეზი ყველი იყო, რომლის ფასიც 27.8%-ით არის გაზრდილი და რომელზეც ინდექსის ყველაზე მაღალი წონა მოდის. მართალია, გაზრდილი ინდექსის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გაზრდილი ყველის ფასი იყო, თუმცა ყველაზე მეტად ფქვილის ფასი (+46.1%) გაიზარდა. ფასები გაიზარდა სხვა ინგრედიენტების შემთხვევაშიც: კვერცხი (+38.9%), კარაქი (+22.7%), რძე (+13.9%), საფუარი (+13.0%).

კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, საკვები პროდუქტების ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი - უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიწოდების ჯაჭვებში არსებულმა სირთულეებმა სასურსათო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. ბაზარზე სასუქებისა და ენერგეტიკული ხარჯებიც იზრდება, რაც დამატებითი წნეხია ადგილობრივ ფასებზე.

თამარ მუკბანიანი