ქართველ ემიგრანტებს მსოფლიო კრიზისის ფონზე ანაზღაურება შეუმცირდათ

"ბერძნები უწინდებურად კარგად აღარ იხდიან. თუ მანამდე ჩემებს თვეში 300 ევრომდე ვუგზავნიდი, ახლა ამ თანხას ორ თვეში ერთხელ ვუგზავნი"

საემიგრაციო ეკონომიკას მნიშვნელოვანი როლი უკავია საქართველოს საგადამხდელო ბალანსის შენარჩუნებაში. იმის გარდა, რომ უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველები აქ დარჩენილ ოჯახებს ინახავენ, გზავნილებს გარკვეული მონეტარული სტაბილიზატორის ფუნქცია აკისრა. თუმცა, მსოფლიო კრიზისის ფონზე ქვეყანაში ფულადი გზავნილების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში მიიჩნევენ, რომ თუ ვითარება არ დასტაბილურდა, გზავნილების შემცირებული ნაკადი ნეგატიურად იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე. მათი განცხადებით, უცხოური ვალუტის შემცირებას გარკვეული წვილილი აქვს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 75.5 მილიონი დოლარი ანუ 146,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 23 მილიონი დოლარით (44,6 მილიონი ლარით) ანუ 23,3%-ით ნაკლებია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით კვლავ რუსეთი ლიდერობს, რომელსაც მოსდევს საბერძნეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, უკრაინა, ისრაელი, გერმანია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები. გზავნილების ნაკადების შემცირება პირდაპირ მიანიშნებს უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველების შემცირებულ ანაზღაურებაზე. bpn.ge რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ესაუბრა, რომლებიც წლების წინ საბერძნეთში, იტალიასა და რუსეთში სამუშაოდ წავიდნენ და საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენენ.

მათი თქმით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ანაზღაურება შეუმცირდათ. შესაბამისად, აქ დარჩენილებს უწინდებურად მსხვილ თანხებს ვეღარ უგზავნიან. ამის მიუხედავად, საქართველოში დაბრუნებას მაინც არ ჩქარობენ.

55 წლის ნანი, რომელიც საბერძნეთში 10 წლის წინ გაემგზავრა, ამბობს, რომ აღებული ანაზღაურებით საქართველოში ქმარ-შვილს ინახავს. "ცოტა სული მოითქვეს, ფულს ვაგზავნი და სახლსაც თანდათან არემონტებენ. ბერძნები უწინდებურად კარგად აღარ იხდიან. თუ მანამდე ჩემებს თვეში 300 ევრომდე ვუგზავნიდი, ახლა ამ თანხას ორ თვეში ერთხელ ვუგზავნი. ანაზღურება კი შემიმცირეს, მაგრამ ხარჯები იგივე დარჩა. ფული კვებაში რომ არ დავხარჯო, კვირაობით იმ ოჯახში ვცხოვრობ, სადაც ვმუშაობ. 15 წელია ჩემები არ მინახავს, ძალიან მენატრებიან, მაგრამ აქ არალეგალურად ვარ და სხვა გზა არ მაქვს, უნდა მოვითმინო. საქართველოში რა გავაკეთო? ნახევარი ქვეყანა გაქცეულია და ოჯახებს ასე ინახავენ. სანამ პენსია არ მომიწევს, არ ჩამოვალ", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

უკვე მესამე წელია იტალიაში, მოხუცის მომვლელად მუშაობს 52 წლის რუსიკო. მისი თქმით, ქალაქში ხშირად გასვლას ერიდება, რადგან უცხო ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. "ჩემს ოჯახს ბანკის ვალი ჰქონდა, ვერ გადავიხადეთ, სახლს ხომ არ დავკარგავდით? ჰოდა, ამ სიბერეში იტალიაში მოხუცის მომვლელად წამოვედი. საქართველოში 200-300 ევროს ვაგზავნი. აქ მყოფი სხვა ქართველები, რომლებიც უკვე 15-17 წელია აქ არიან, მეუბნებიან, რომ კრიზისამდე 400 ევროს და მეტსაც უგზავნიდნენ საქართველოში დარჩენილ ოჯახებს. სიგიჟემდე მენატრება ჩემი ოჯახი, მაგრამ ვითმენ, ოღონდ სადამდე გავძლებ არ ვიცი. საქართველოში უკეთესობის პერსპექტივა არ ჩანს", - ამბობს იტალიაში მყოფი ქალბატონი.

ექსპერტთა განცხადებით, ფულად გზავნილებს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი უკავია ქვეყნის ეკონომიკის განვითრებაში. ამიტომ ექსპერტები შიშობენ, რომ ეკონომიკური კრიზისი, შემცირებული ფულადი გზავნილების ნაკადი და უცხოური ინვესტიციები საერთო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "საგადამხდელო ბალანსში ფულად გზავნილებს მნიშვნელოვანი როლი უკავია. ერთი მხრივ, ფულად გზავნილებს სოციალური დატვირთვა აქვს, ოჯახების დიდი ნაწილი სწორედ ამ ტრანსფერზეა მიბმული, მათი ყოველდღიური მოთხოვნილებების დაფინანსება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მეორე მხრივ, მას გარკვეული მონეტარული სტაბილიზატორის როლი და ფუნქცია აკისრია, რომელიც ზოგადად ქვეყანაში ლარისა და დოლარის მასის წონასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ფულადი გზავნილების ნაკადის შემცირება საქართველოს საგადამხდელო ბალანსზე ნეგატიურად აისახება. გზავნილების ძირითადი დონორი ყოველთვის რუსეთი იყო. თუმცა, გზავნილები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც რუსეთ-უკრაინას შორის არსებულმა კონფლიქტმა განაპირობა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს გავლენას ახდენს საქართველოზეც - შემცირდა ექსპორტი, გზავნილები".

ლევან კალანდაძის თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს, როგორც სოციალურ ფაქტორზე, ასევე ქართულ ეკონომიკაზე. "მართალია, ეს საქართველოს ეკონომიკას არ დაანგრევს, მაგრამ სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს თუ გაღრმავდა, მაშინ ფულადი გზავნილები კიდევ უფრო შემცირდება. ყველაფერი დამოკიდებულია სამ ძირითად ქვეყანაზე - რუსეთზე, საბერძნეთსა და უკრაინაზე, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილია. სწორედ ეს სამი ქვეყანაა ყველაზე პრობლემური. მართალია, რიგ ქვეყნებში - გერმანია, თურქეთი, ისრაელი გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება, მაგრამ ეს ქვეყნები თავისი ხვედრითი წილით მინიმალური დოზით არიან წარმოდგენილები. ასე რომ, საერთო კლიმატზე გავლენას ვერ მოახდენს", - ამბობს კალანდაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის თქმით, 2010 წლიდან 2014 წლამდე გზავნილების ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, 2014 წელს კი 36 მილიონი დოლარით შემცირდა.

"მთლიანობაში უცხოეთიდან შემოსულმა გზავნილებმა მილიარდნახევარი დოლარი შეადგინა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან უცხოური ვალუტა გარკვეულწილად აბალანსებს უარყოფით სავაჭრო სალდოს და ბალანსს. შარშან დაახლოებით მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდა, გზავნილები კი გაცილებით მეტი იყო, თითქმის მილიარდნახევარი. საზღვარგარეთ მომუშავე ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფული აქ დარჩენილი ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. თუმცა, ბოლო დროს ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა. რუსეთში არსებული კრიზისისა და რუბლის გაუფასურების გამო იქ მომუშავე ქართველები სოლიდური თანხების გადმორიცხვას ვეღარ ახერხებენ. საერთო ჯამში, უცხოური ვალუტის ნაკადის შემცირებამ დიდი ზიანი მიაყენა ეროვნულ ვალუტას. ასე რომ, გზავნილები მნიშვნელოვანია როგორც ოჯახებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის", - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

სალომე გოგოხია