ბიუჯეტი დაახლოებით 10-15%-ით შემცირდება?!

მთავრობა, სავალუტო ფონდთან ერთად, ეკონომიკის ზრდის ახალ პროგნოზზე მუშაობს.

უკვე ცნობილია, რომ ახალი პროგნოზის კვალდაკვალ შემცირდება საბიუჯეტო პარამეტრები. სპეციალისტების განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება ასევე შეკვეცს შემოსავალს და, საბოლოო ჯამში, ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის დაახლოებით 10-15%-მდე შემცირება მოუწევს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად სავალუტო ფონდის მისიის წევრებთან ერთად მუშავდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზის რამდენიმე სცენარი, რომელზედაც შემდეგ აიგება საბიუჯეტო პარამეტრი. უკვე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება გეგმავს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებას. არ შეიკვეცება ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტებისთვის, ასევე სოციალური კუთხით გამოყოფილი დაფინანსება.

”ბიუჯეტისა და ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით, პროგნოზის შემცირების კვალობაზე მოგვიწევს ბიუჯეტის გადახედვა. ბიუჯეტში არ შემციდება ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტებისთვის, ასევე სოციალური კუთხით გამოყოფილი ხარჯი. ჩვენ სერიოზულ საგადასახადო სტიმულზე ვმუშაობთ, ეს ეხება მშენებლობის წახალისებას”,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ახლიდან დაბალანსდება და ცვლილებები შეეხება მთავრობის ხარჯებს, რადგან მათი შემცირება ეკონომიკაზე დადებითად აისახება. ”ბიუჯეტის შეცვლა აუცილებელი გახდება, რადგან ვფიქრობთ, რომ 2%-ის ფარგლებში იქნება ეკონომიკის რეალური ზრდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმის კუთხით გვაქვს გეგმები და ამ მიმართულებით მთლიანად დავაბალანსებთ სიტუაციას. ქამრების შემოჭერა დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდის 5-დან 2%-მდე ჩამოსვლასთან. ამიტომ ბიუჯეტი იქნება ახლიდან დასაბალანსებელი. ეს აისახება მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯებზე და არ დაეტყობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას” - განაცხადა მინისტრმა.

ექსპერტის, ემზარ ჯგერენაიას აზრით, როდესაც მთავრობა ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ნაცვლად 2%-მდე დაეშვება, ეს მთლიანად მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტზე. ”სახელმწიფო ბიუჯეტი შემცირდება შემოსავლების ნაწილში, ანალოგიურად მოხდება ხარჯების კორექტირებაც. ასეთი ცვლილება ორივე მიმართულებას შეეხება და საკმაოდ სერიოზულად. ამ დროისთვის, ძნელია საუბარი ზუსტად რამდენით შემცირდება სახელმწიფო ბიჯეტი, მაგრამ საკმაოდ სერიოზული კლება იქნება,” - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

მისი ვარაუდით, საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ ეკონომიკა 3,5-4 პროცენტული პუნქტით გაზარდოს. მშპ-ს პროგნოზის 2%-მდე ჩამოყვანა ძალიან მკვეთრი ნაბიჯია. ”ვფიქრობთ, თუ მთავრობა განახორციელებს დასახულ გეგმას, ეკონომიკა 3,5-4%-ით გაიზრდება. საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებლის ფარგლებში შეინარჩუნოს. თუკი ეკონომიკური ზრდა 3-4% იქნება, მაშინ ბიუჯეტი მინიმუმ 15%-ით უნდა შემცირდეს”,- ამბობს ემზარ ჯგერენაია.

”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, ეკონომიკაში რთული მდგომარეობა ეროვნული ბანკისა და მთავრობის შეცდომების გამო გაჩნდა. შესაბამისად, ამ ფონზე რაიმე შეფასების გაკეთება გამართლებული არ არის, მოსახლეობამ მთავრობას უნდობლობა უნდა გამოუცხადოს. ”ახლანდელი კრიზისი გამოწვეულია ეროვნული ბანკისა და მთავრობის შეცდომებით. შესაბამისად, ეს არ არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აუცილებლად უნდა დამდგარიყო. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც ეკონომიკის შემცირებაზე საუბრობენ, კაპიტულაციაზე აწერენ ხელს. ასეთი მთავრობა ხალხის ნდობას არ იმსახურებს. ამიტომ მათ კარისკენ უნდა მივუთითოთ და გავაძევოთ. უნდა ვუთხრათ, რომ თქვენთან საქმეს არ დავიჭერთ და თქვენი პროგრამა ჩვენთვის მისაღები არ არის”,- აცხადებს პაატა შეშელიძე.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მთავრობამ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაგეგმა. საბოლოოდ, ეკონომიკა მხოლოდ 3,2%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ოფიციალური მონაცემებით, 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებას 614,440 მილიონი ლარი დააკლდა, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 8,3%-ით გაირღვა.

2014 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5% იყო, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობა გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ მშპ 4,7%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულება წლის ბოლოს გადმორიცხული გრანტებისა და კრედიტების ხარჯზე ფორსირებულად შეძლო, თუმცა ამ შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მაინც ვერ შესრულდა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”