„სამსახურის მაძიებლები პასიურობენ“ - სექტორები, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსიაა

„სამსახურის მაძიებლები პასიურობენ“, - ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსთან“ HR.GE-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, სავარაუდოდ, ეს ზაფხულის სეზონს უკავშირდება, რადგან როგორც წესი, დასაქმების მსურველთა უმრავლესობას ახალი სამსახურის დაწყება სექტემბრიდან ურჩევნია.

რაც შეეხება სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსიაა, ინგა შახბაზიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • გაყიდვები -23%
  • ჰორეკა -16%
  • ფინანსები და ბუღალტერია -11%
  • სამედიცინო სფერო - 9%
  • IT ტექნოლოგიები -7%

„ვაკანსიების რაოდენობა სტაბილურია, როგორც იყო ივნისში, კლება ჯერჯერობით არ არის. წინა წლებში ივლისი ყოველთვის პასიური იყო, მაგრამ წელს ასე არ მოხდა. ალბათ, უფრო თვის ბოლოსკენ და აგვისტოს პირველ ნახევარში შემცირდება. თუმცა, გამოხმაურების მხრივ არის პრობლემა. სამსახურის მაძიებლები პასიურობენ. ალბათ, რადგან ზაფხულია, ურჩევნიათ, სექტემბრიდან დასაქმდნენ. შესაბამისად, ბევრი კომპანია ვერ ახერხებს კადრის აყვანას და ახლიდან უწევს ვაკანსიების გამოცხადება.

პირველ ადგილზე ისევ გაყიდვებია - 23%-ით, მეორეზე ამოიწია ჰორეკამ (16%), რომელიც ძალიან გააქტიურებულია. ეს როგორც წესი, სეზონურობით არის გამოწვეული, მაგრამ წელს ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ კურორტებზეა მოთხოვნა, თბილსსა და სხვა რეგიონებშიც საკმაოდ ბევრი ვაკანსიაა. შემდეგ მოდის ბუღალტერია- ფინანსები 11%, სამედიცინო სფერო - 9% და IT მიმართულება - 7%.

IT სფეროზე შემიძლია გითხრათ, რომ წელს ძალიან გააქტიურებულია, წინა წლებში 2-3%-მდე იყო ვაკანსიების რაოდენობა. კადრებს არა მხოლოდ ქართული, არამედ, ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანიაც ეძებს, რომლებსაც ადამიანების დისტანციურად დასაქმება სურთ“,- განაცხადა ინგა შახბაზიანმა.

მისივე ინფორმაციით, დღიურად ვაკანსიების რაოდენობა, საშუალოდ 300-ს შეადგენს, რაც შეეხება საიტზე სამსახურის მაძიებელთა რეგისტრაციის მაჩვენებელს - 70-დან 100-მდე მერყეობს. ეს მაშინ, როდესაც წინა თვეებში, დღიურად 100-დან 150-მდე რეზიუმე იდებოდა.

ნინი ქეთელაური