მსოფლიოში კომპიუტერების გადაზიდვები 9 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრად შემცირდა

2022 წლის მეორე კვარტალში პერსონალური კომპიუტერების გადაზიდვები 15%-ით, 70.2 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. ეს 9 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი შემცირებაა.

შემცირება კორონავირუსის ლოკდაუნებით და მსოფლიოში მაღალი ინფლაციის დონითაა გამოწვეული. კვლევითი ფირმა Canalys-ის თანახმად, კორონავირუსის ეფექტები კვლავ ბუნდოვან ეკონომიკურ მდგომარეობას უქმნის ინდუსტრიას, შემცირებულია წარმოება ჩინეთში, ინფლაციის დონე ისევ მაღალია და მოთხოვნაც იკლებს, განსაკუთრებით კი Chromebook-ებზე.

„კოვიდის ლოკდაუნებმა მნიშვნელოვან რეგიონებში და ჩინურ ქალაქებში გავლენა იქონია კომპიუტერების წარმოებასა და ექსპორტზე. შანხაიში, კუნშანსა და ძიანსუში ქარხნებისა და პორტების ოპერაციების შეფერხებამ შეკვეთების გადადება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ წარმოება და კოორდინაცია მაისიდან გაუმჯობესების გზაზეა, გამოშვება მაინც ჩვეულებრივზე დაბალ დონეზე იყო“, - ამბობს ანალიტიკოსი, ემა სიუ.

საერთაშორისო ბაზარზე პირველი ადგილი კვლავ Lenovo-მ შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ გადაზიდვები 12%-ით, 17.5 ერთეულამდეა შემცირებული სამთვიან პერიოდში. HP-ის გადაზიდვები კი 28%-ით, 13.5 ერთეულამდე შემცირდა. შედარებით ნაკლებად, 5%-ით დაიკლო Dell-ის გადაზიდვებმა. მეოთხე და მეხუთე ადგილზე მყოფი Acer-ის და Asus-ის გადაზიდვებმა, შესაბამისად, 19%-ითა და 5%-ით მოიკლო.

ყველაზე ცუდი შედეგი მეორე კვარტალში ევროპამ, შუა აღმოსავლეთმა და აფრიკის რეგიონებმა აჩვენეს, სადაც გადაზიდვები 18%-ით შემცირდა.

კახი ჩაკვეტაძე