ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.

უწყების ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერა. მათივე განმარტებით, რეაბილიტირებული მონაკვეთი ქ. გურჯაანის ტერიტორიაზე იწყება და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მიერთებაზე მთავრდება.

"პროექტის ფარგლებში აღდგა საგზაო საფარი, გაიწმინდა და შეკეთდა გვერდულები, კიუვეტები და მილები, მოეწყო ტროტუარები და განხორციელდა სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. რეაბილიტირებული გზით კახეთის რეგიონის რამდენიმე სოფლის - ჭანდარის, ვეჯინის, კოლაგისა და ბაკურციხის მოსახლეობა სარგებლობს. განხორციელებულმა პროექტმა აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება გააადვილა და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახადა", - აცხადებენ უწყებაში.

გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოებზე 65 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5 მილიონ 444 ათასი ლასი შეადგინა.