”სავალუტო რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება კონტრპროდუქტიული იქნება”

რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების, კონკრეტულად კი ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების ჩანაცვლება არის არა მხოლოდ არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგო.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსის დასასტაბილურებლად ეროვნულმა ბანკმა რეზერვების სათანადოდ ხარჯვა არ მოახდინა. ქადაგიძის განმარტებით, საქართველომ ამ მიმართულებით 90-იან წლებში შეცდომა უკვე დაუშვა, რისი გამეორების ფუფუნებაც ქვეყანას არ აქვს.

"მინდა რეზერვებთან დაკავშირებით აუცილებლად გავაკეთო განმარტებები, ვინაიდან არის მცდელობა საზოგადოება დავარწმუნოთ იმაში, თითქოს რეზერვების ხარჯვა არის გამოსავალი. საქართველოს სავალუტო რეზერვი ეს არის ჩვენი აქტივი და ის დოვლათი, რომელსაც ჩვენ ვქმნით მთელი წლების განმავლობაში და რომელიც წარმოადგენს მთავარ გარანტს ჩვენი ფინანსური სტაბილურობის. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა სწორედ რეზერვების დაგროვების და მართვის მიმართულებით არის აღიარებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ავტორიტეტული გამოცემის, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ. რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების, კონკრეტულად კი ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების ჩანაცვლება არის არა მხოლოდ არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგო. ამას ცხადყოფს უამრავი საერთაშორისო მაგალითი, მათ შორის ბოლოს განვითარებული მოვლენები. იგივე ხსენებულ მოლდოვაში - მოლდოვას ეროვნულმა ბანკმა 1 მილიარდ დოლარამდე ინტერვენცია გააკეთა, მიუხედავად ამისა, მოლდოვას ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა თითქმის 40 %-ით. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დავუშვათ შეცდომები ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არაერთხელ დაგვიშვია შეცდომები 90-იანი წლების დასაწყისში და იგივე შეცდომების დაშვებას ახლა არ ვაპირებთ", - განაცხადა ქადაგიძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მტკიცებით, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. "სანამ მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იგივე შეცდომების განმეორებას, რაც ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაუშვა", - აღნიშნა ქადაგიძემ.