ნოდარ ჯავახიშვილი: არ მენდობიან, ან ყველაზე უარესი - ეშინიათ

სამწუხაროდ, ჯერ ნდობის იმ დონეს ვერ მივაღწიე, ვინმემ კონკრეტულად მითხრას, რა დარღვევები იყო ტენდერებში.

ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთ "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"ან არ მენდობიან, ან ყველაზე უარესი - ეშინიათ. არადა, სიმართლე იმიტომ კი არ მჭირდება, ვინმე მოვხსნა ან დავიჭირო, არამედ დარღვევა უნდა აღმოვფხვრათ! თუკი ფული კეთდება და ასეთი ფაქტები არსებობს, სწორედ ფულის კეთების საფუძველი უნდა მოვსპოთ და ეს არის ჩემი მიზანი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად რომ დავინიშნე, 800 კაცი მუშაობდა. მხოლოდ ორი გავათავისუფლე, ეროვნული ბანკი კორუფციის ბუდე იყო, მაგრამ ადამიანების დაჭერა კი არ დავიწყე - შევისწავლე, სად აკეთებდნენ ფულს, ან რატომ იყო მექრთამისთვის საინტერესო ეროვნული ბანკი. ამის შემდეგ ისეთი ცვლილებები გავატარე, კორუფციისა და ქრთამის მიღების ეს გზები ჩავკეტე", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისი თქმით, დაუშვებელია სამშენებლო ბაზარზე სახელმწიფო სამშენებლო კომპანიების არსებობა. "ამბობენ, ოპერატიული მართვისთვის უკეთესია, სამინისტროს საკუთარი სამშენებლო კომპანია ჰქონდესო, მაგრამ ამავე ლოგიკით, სახელმწიფო ბანკებიც ხომ არ შემოგვეღო? ეს სწორი მიმართულება არ არის, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, საბჭოთა კავშირში აღმოვჩნდებით. ამ სამინისტროში, ერთადერთი კაცი ვარ საბჭოური გამოცდილებით, მაგრამ ახალგაზრდები მექაჩებინ საბჭოთა კავშირში", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთ "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.