გიორგი ქადაგიძე: რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება უარეს შედეგამდე მიგვიყვანს

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება უარეს შედეგამდე მიგვიყვანს, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენად მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ზრდა.

ქადაგიძემ მედიას ის უარყოფითი შედეგებიც განუმარტა, რაც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ახლავს და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი პოლიტიკას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართავს. "რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, ისევე როგორც სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია გავატაროთ, აქვს ერთი მთავარი მიზანი – შემცირდეს ქვეყანაში ფულის მასა. ფულის მასის შემცირებას აქვს უარყოფითი შედეგი. ფულის მასის შემცირება ნიშნავს ნაკლებ გაყიდვებს, ნაკლებ ეკონომიკურ აქტივობას, გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს და ა.შ. მაშინ როცა ფულის აგრეგატების ზრდა ისედაც მინიმალურია, ასეთი ტიპის ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიგვიყვანს უარეს შედეგებამდე. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ პროცესებზე ადეკვატურ რეაგირებას და პოლიტიკას წარვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.