გიორგი ქადაგიძე: სესხის გადავადება პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება არ არის

მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ სესხის გადავადება ეს არ არის პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიერ შემუშავებულ საქემას ერთი კვირის განმავლობაში განიხილავს.

"მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ სესხის გადავადება ეს არ არის პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება, ეს არის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტა, რომ მომდევნო თვეებში სესხის მომსახურების ტვირთი მნიშვნელოვნად არ გაიზრდოს. პრობლემის ფუნდამენტური გადაწყვეტა არის ეკონომიკაში სავალუტო ნაკადების აღდგენა, რომელიც გამოიწვევს ზეწოლას უკვე ლარის გამყარებაზე. ლარი გამყარდება და შესაბამისად, ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეუმცირდებათ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სესხი აქვთ დოლარში და შემოსავალი კი - ლარში", - განაცხადა ქადაგიძემ.

25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სთხოვა, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ, შემოსავალი კი - ლარში.