საგადასახადო ომბუდსმენი ბიზნეს ომბუდსმენი ხდება

საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტს სახელი ეცვლება და ბიზნეს ომბუდსმენი ხდება.

ამასთან, მისი უფლებამოსილებები და მოვალეობები ცალკე, სპეციალური კანონით იქნება დარეგულირებული. საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილება, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ფორმები ამჟამად "საგადასახადო კოდექსითა" და მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული. მთავრობის ინიციატივით კი, პარლამენტს ახალი საკანონმდებლო აქტი – "საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ" კანონპროექტი წარედგინა.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ბიზნეს ომბუდსმენის უფლებამოსილების ცალკე საკანონმდებლო აქტით დარეგულირებით, ბიზნეს ომბუდსმენის საქმიანობისა და მისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის მყარი სამართლებრივი გარანტიები შეიქმნება, აღნიშნული კანონის მიღება გაზრდის ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის სტატუსს, ცნობადობასა და რეპუტაციას.

პროექტით განისაზღვრება, რომ ბიზნეს ომბუდსმენი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია. მასზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა, აკრძალულია.