"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში რუსთავში ახალი საწარმო შენდება

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა გუგეშაშვილმა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, რუსთავში, პროექტის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოს მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

"შპს ,,ჯი-არ-სი"-მ სახელმწიფოსგან 2.5 მილიონის ოდენობის თანხა მიიღო, ამასთან ერთად, მათ სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცათ შენობა, სადაც ე. წ. ,,სენდვიჩ პანელების" საწარმოს აკეთებენ. თავიდანვე თვითმმართველობა ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა და არც არავის არ გაუპიარებია ეს ამბავი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ უბრალოდ სახელმწიფო აკეთებს თავის საქმეს ყოველგვარი პიარის გარეშე. რუსთავში ეს უკვე მეშვიდე პროექტია, რომელიც ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა. თუ კი პროექტი კარგია და მდგრადია, სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება მეწარმეებს, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. გასულ წლებში ათასობით შენობა დაიშალა და დაინგრა, თავის დროზე რომ პრიორიტეტი ყოფილიყო ახალი საწარმოების გახსნა ძველის ბაზაზე, ეს შენობები ფუნქციას შეიძენდა. დღეს რაც დარჩენილია, საუბარი გვაქვს იმაზე, რომ კი არ დაიშალოს ეს შენობები, სიმბოლურ ფასად გადაეცეს ბიზნესმენებს ახლი საწარმოების გასახსნელად," - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ახალ საწარმოში საწყის ეტაპზე 40 რუსთაველი დასაქმდება. კომპანია ,,ჯი-არ-სი" პროდუქციის 85% საქართველოში გასაღდება 15% კი, ექსპორტზეა გათვლილი.

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა რუსთავისთვის და ქალაქის განვითარების გამოსავალი სწორედ ასეთი საწარმოების აშენებაშია. მე მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც აქვს ინიციატივა და სურვილი შექმნან სამუშაო ადგილები, თავადაც გააკეთონ ბიზნესი და დაასაქმონ რიგითი ადამიანები, მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ეკონომიკის სამინისტროს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საწარმო პირველი პროდუქციის გამოშვებას მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყებს. ახალი საწარმო შპს ,,ჯი არ სი"-ის ფილიალი იქნება რუსთავში და სამშენებლო მასალებს, ე.წ. სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ბიზნესმენებმა ქარხნისთვის საჭირო შენობა, რომლის ღირებულებაც 460 000 ლარს შეადგენს, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეიძინეს. სამი წლის განმავლობაში, წარმოებაში ორმილიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. საწარმოში დანადგარები კორეიდან და ჩინეთიდან შემოდის, ნედლეულის მიღებას, ასევე კორეიდან და თურქეთიდან გეგმავენ. წარმოების ამუშავების შემდეგ, ქარხანაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 500-დან 700 ლარამდე იქნება.