2013-2014 წლებში სახელმწიფო უწყებების მიერ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი 20 მილიონ ლარს აღემატება

2013-2014 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა სხვადასხვა უწყებებმა ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით მთლიანობაში 10.6 მლნ ლარამდე დახარჯეს სასტუმროს მომსახურებაზე, ხოლო 9.7 მლნ ლარამდე - სარესტორნო მომსახურებაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია  ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.

”ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი სირთულეების ფონზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გასულ კვირას ე.წ. "ქამრების შემოჭერა" - კერძოდ, ადმინისტრაციული ხარჯების 12%-ით შემცირება - დააანონსეს. ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მიმართულება, სადაც სახელმწიფოს გარკვეული თანხების დაზოგვა შეუძლია, არის სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ 2013-2014 წლებში სასტუმრო მომსახურებისა და სარესტორნო შესყიდვების შესახებ და ქვემოთ მოყვანილია ამ ინფორმაციის მოკლე მიმოხილვა.

2013-2014 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა სხვადასხვა უწყებებმა ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით მთლიანობაში 10.6 მლნ ლარამდე დახარჯეს სასტუმროს მომსახურებაზე, ხოლო 9.7 მლნ ლარამდე - სარესტორნო მომსახურებაზე. ორი წლის განმავლობაში სასტუმროს მომსახურების მხრივ ყველაზე დიდი დანახარჯი (ჯამში ტენდერის და გამარტივებული შესყიდვების გზით) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (2 მლნ ლარი) გასწია. ამ მხრივ მეორე ადგილზე ქალაქ თბილისის მერია (1.1 მლნ ლარი), ხოლო მესამეზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (520,000 ლარი) გავიდა.

ამავე პერიოდში სარესტორნო მომსახურების მხრივ ყველაზე დიდი დანახარჯი (ჯამში ტენდერის და გამარტივებული შესყიდვების გზით) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (750,000 ლარი) გასწია. დანახარჯის დონით მეორე ადგილზე მთავრობის კანცელარიაა (450,000 ლარი), ხოლო მესამეზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (350,000 ლარი) .

აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლებში სახელმწიფო უწყებები სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების შესყიდვისას უპირატესობას გამარტივებული წესით შესყიდვას ანიჭებდნენ. ასე, მაგალითად, გამარტივებული წესით შესყიდული მომსახურება სარესტორნო მომსახურების (8.4 მლნ ლარი) შემთხვევაში 6-ჯერ აღემატება ტენდერით შესყიდულ მომსახურებას (1.4 მლნ ლარი), ხოლო სასტუმრო მომსახურების შემთხვევაში პირდაპირი შესყიდვით (6.1 მლნ ლარი) თითქმის ერთნახევარჯერ (1,3-ჯერ) მეტია დახარჯული ტენდერის გზით განხორციელებულ შესყიდვასთან (4.6 მლნ ლარი) შედარებით.

ტენდერების გზით შესყიდული სასტუმროს და სარესტორნო მომსახურება

2013-2014 წლებში მხოლოდ ტენდერების გზით სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 4.6 მლნ ლარი გადაიხადეს სასტუმროს მომსახურებაში, ხოლო სარესტორნო სერვისში - 1.4 მლნ ლარი.

1.1. ტენდერის გზით შესყიდული სასტუმროს მომსახურება

სასტუმროს მომსახურებაში სახელმწიფო უწყებების ტენდერების მეშვეობით გაწეული თანხები დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (2.4 მლნ ლარი) და 2014 (2.2 მლნ ლარი) წლებზე.

ორი წლის განმავლობაში სასტუმროს მომსახურების კუთხით ყველაზე დიდი დანახარჯი ეკუთვნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელმაც 2013 და 2014 წლებში შესაბამისად 870,149 და 1.1 მლნ ლარი გადაიხადა. ამ უწყების ორი ყველაზე მსხვილი შესყიდვა (142,229 და 115,785 ლარი) ემსახურებოდა ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული და ინგლისური ენებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების შესწავლას.

შესყიდვის ხარჯებით რიგით მეორე ქალაქ თბილისის მერიაა, რომელსაც გასულ ორ წელიწადში საშუალოდ 540,000 ლარი აქვს გადახდილი სასტუმროს მომსახურებაში. სამეულში შედის ასევე საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთის "გურია" რომელმაც სასტუმროს მომსახურებაში 2014 წელს 208,982 ლარი, 2013 წელს კი - 23,000 ლარი დახარჯა.

1.2. ტენდერის გზით შესყიდული სარესტორნო მომსახურება

2013-2014 წლებში სარესტორნო მომსახურებაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა უწყებებმა ტენდერების მეშვეობით დაახლოებით 1.4 მლნ ლარი დახარჯეს. თანხები დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (761,967 ლარი) და 2014 (593,035 ლარი) წლებზე.

ორი წლის განმავლობაში სარესტორნო მომსახურების კუთხით ყველაზე დიდი დანახარჯი ეკუთვნის ქალაქ ფოთის მერიას, რომელმაც 2013 და 2014 წლებში შესაბამისად 174,597 და 171,132 ლარი დახარჯა. აღნიშნული დანახარჯები მთლიანად ემსახურებოდა უფასო სასადილოში 200-მდე მოქალაქეების ყოველდღიურად სადილით უზრუნველყოფას. მსგავსი ტიპის პროგრამებისათვის ტენდერები აგრეთვე გამოაცხადა ათობით სხვა მუნიციპალიტეტმა. შესყიდვის ხარჯებით რიგით მეორე საქართველოს შსს აკადემიაა, რომელმაც 2013 წელს 139,190 ლარი გადაიხადა სასადილო ობიექტების მომსახურებაში. 

2.  გამარტივებული შესყიდვების საშუალებით შესყიდული სასტუმროს და სარესტორნო მომსახურებაში 2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვებით სახელმწიფო უწყებებმა დაახლოებით 6.1 მლნ ლარის ღირებულების სასტუმროს მომსახურება შეისყიდეს, ხოლო სარესტორნო მომსახურებაში გადაიხადეს დაახლოებით 8.4 მლნ ლარი.

2.1. გამარტივებული შესყიდვის გზით შესყიდული სასტუმროს მომსახურება

სასტუმროს მომსახურებაზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უწყებების გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით გაწეულმა თანხამ 2013 წელს 2.7 მლნ ლარი, ხოლო 2014 წელს 3.4 მლნ ლარი შეადგინა.

ორი წლის განმავლობაში სასტუმროს მომსახურებაზე ყველაზე მსხვილი შესყიდვები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (517,475 ლარი) განახორციელა, რიგით მეორე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია (413,118 ლარი).

2.2. გამარტივებული შესყიდვის გზით შესყიდული სარესტორნო მომსახურება

სარესტორნო მომსახურებაზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უწყებების გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით გაწეულმა თანხამ 2013 წელს 4.1 მლნ ლარი, ხოლო 2014 წელს 4.3 მლნ ლარი შეადგინა.

ორი წლის განმავლობაში სარესტორნო მომსახურებაზე ყველაზე მსხვილი შესყიდვები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (732,208 ლარი) განახორციელა, რიგით მეორე კი საქართველოს მთავრობის კანცელარიაა (438,986 ლარი).

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვებით ჯამში 694,999 ლარის ღირებულების სარესტორნო მომსახურება შეიძინა. 2014 წელს კი ამავე უწყების სარესტორნო მომსახურების შესყიდვის ხარჯები მხოლოდ 40,000 ლარამდე იყო", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.