ბათუმში უძრავი ქონება შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს - რამდენით მოიმატებს კვ.მ-ის ფასი

ბათუმში უძრავი ქონება შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. როგორც "რეა ინვესტმენტის" დამფუძნებელმა ირმა მახარაძემ რადიო „პალიტრისა“ და “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბრიდან ფასის ცვლილება საშუალო და დაბალ სეგმენტს შეეხება. შედეგად, თუ დღეს, კვადრატულის ღრებულება 700 -750 აშშ დოლარს შეადგენს, საშუალოდ, 50 დოლარით კიდევ გაიზრდება.

„დაახლოებით ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ჩვენ ვინარჩუნებთ იგივე ღირებულებას და როგორც ყოველთვიური, ისე ყოველდღიური გაქირავების კუთხით არ ველოდებით ძალიან დიდ სხვაობას ფასთან მიმართებით. თუმცა, რაც შეეხება ზოგადად უძრავი ქონების ღირებულებას, გამომდინარე იქიდანაც, რომ მოთხოვნა რეალურად იზრდება, და ასევე იზრდება მასალების ფასი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ღირებულება არ გავზარდოთ. თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ აგვისტოში არა, მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერში მცირე ცვლილება, კერძოდ, მატება, ფასთან მიმართებით იქნება.

პრემიუმ სეგმენტზე ჩვენ ეს მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ საშუალო და დაბალ სეგმენტზე ველოდებით. თუ მაგალითად, ახლა ღირებულება არის 700-750 აშშ დოლარი (კვ.მ), დაახლოებით, 50 დოლარის ფარგლებში ველოდებით მატებას.

ეს ტენდენცია რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ფასები არ მცირდება, დღეს მსოფლიოში ვიცით, რა მდგომარეობაა, მასალებზე, რომლითაც ჩვენ ვაშენებთ, თუნდაც არმატურა, ან სამშენებლო ბლოკები, ვიცით, რომ იქნება დეფიციტი შემდეგშიც. შესაბამისად, ფასები, მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიზრდება. ანუ, პროექტების თვითღირებულება გაიზრდება და დეველოპერებიც გასაყიდ ღირებულებას გაზრდიან",- განაცხადა ირმა მახარაძემ.

ნინი ქეთელაური