ნოდარ ჯავახიშვილი: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლარის გამყარებაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ იმოქმედა

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლარის გამყარებაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ იმოქმედა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, "ქართუ ბანკის" ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მისამართით ყოფილი პრემიერის განცხადებასაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პანიკა სწორედ ეროვნულმა ბანკმა დათესა.

"ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები. გაცილებით მეტის თქმაც შეიძლება, რადგან მან ზოგადი შეფასება გააკეთა. ჩვენ შეგვიძლია დეტალებში ჩავუღრმავდეთ, ბევრ რამეზე გავაკეთოთ "მინიშნება", რადგან უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევთ. რბილ ტონში შეფასება აღარ შეიძლება, როცა, პრაქტიკულად, 3 ნოემბრიდან დაიწყო ლარის კურსის ინტენსიური ვარდნა და ამ ხნის განმავლობაში 51 პუნქტით დაეცა, რაც დაახლოებით 29%-ია. ეს, პრინციპში, კატასტროფის ტოლფასია. ვფიქრობ, ლარის გამყარებას ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებამ დროზე მოუსწრო. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული", - განაცხადა ჯავახიშვილმა. "ქართუ ბანკის" ყოფილი პრეზიდენტის აზრითაც, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი შეცდომა ისაა, რომ რეზერვები დროულად არ გამოიყენა. "სულ ამბობენ პანიკა ყველაზე საშიშიაო, მაგრამ ვინ შექმნა ეს პანიკა?! 3 ნოემბერს დაიწყო კურსის ვარდნა, ეროვნული ბანკი კი პირველად 25 ნოემბერს ჩაერია და 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად. მორიგი ჩარევა იყო დეკემბერში და ამის მერე თებერვლამდე აღარ ჩარეულა. 25 ნოემბერს რომ დაელოდა, სანამ პანიკა არ შეიქმნა, გარწმუნებთ, ეს რომ 4-5 ნოემბერს გაეკეთებინა, შესაძლოა კურსის დაჭერას 5 და 10 მილიონი დოლარი ყოფნოდა", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ რეზერვების ხარჯვაზე უარი მეზობელმა ქვეყნებმაც თქვეს, ჯავახიშვილის შეფასებით, ქადაგიძე თავის მართლებას ცდილობს. "არავინ ამბობს, დამიჭირეთ და ჩამსვით ციხეშიო. ყველა ცდილობს გაამართლოს თავისი ქმედება", - დასძინა ჯავახიშვილმა, რომლის შეფასებითაც, ლარის სტაბილურობაზე უპირველესი პასუხისმგებლობა სწორედ ეროვნულ ბანკს აკისრია.