უძრავი ქონება ლარის გამყარების მოლოდინშია

ბინის მყიდველთა რაოდენობა არნახულად არის შემცირებული

ბოლო თვეებში მშენებარე ბინების რეალიზაცია არნახულად არის შემცირებული

საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებმა მეტნაკლებად ყველა სფეროს წინსვლა შეაფერხა, მათ შორისაა უძრავი ქონების ბაზარიც.

როგორც დეველოპერები და უძრავი ქონების სააგენტოს მუშაკები ამბობენ, ასეთი შენელება კარგა ხანია არ ახსოვთ. მსგავსი რამ მხოლოდ 2008 წელს ხდებოდა, როდესაც ომის გამო ყველაფერი აირია და ეს სფეროც გაიყინა. ბინის ყიდვისაგან ყველა თავს იკავებს იმის გამო, რომ დოლარი ძალიან გაძვირებულია, სესხის აღებასაც ყველა უფრთხის იმიტომ, რომ არავინ იცის, რა იქნება ხვალ. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, შეიძლება რეფინანსირების განაკვეთიც გაიზარდოს, ამას ემატება ისიც, რომ გაურკვეველია, როგორი კურსი იქნება ხვალ, ან ზეგ და რა კურსით მოუწევს მსესხებელს თანხის გადახდა. რეალიზაციის შემცირებას უჩივიან სამშენებლო კომპანიებში და ამბობენ, რომ ბინის მყიდველთა რაოდენობა არნახულად არის შემცირებული. სამშენებლო კომპანია "ალფას ბიზნეს ჯგუფის" წარმომადგენელმა ანა კუნჭულიამ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სექტემბერ-ოქტომბერთან შედარებით კომპანიის კლიენტთა რაოდენობამ შესამჩნევად იკლო, რადგან ხალხი ბინებს ძირითადად სესხებითა და განვადებებით ყიდულობდა, ახლა კი, მსგავს რისკზე წასვლას ყველა ერიდება.

გაცილებით მწვავედ აფასებს სიტუაციას კომპანია "ლუმაქ ჯგუფის" გაყიდვების მენეჯერი ჯაბა ჩარკვიანი:

- ბინების გაყიდვა ლამის შეჩერებულია, ვისაც ფულის ნაწილი ჰქონდა შემოტანილი, სრული თანხა იმასაც ვეღარ შემოაქვს. შემოდგომაზე დღეში ათი კლიენტი რომ შემოდიოდა, ახლა 4-5 დღე ისე გაივლის, რომ ჩვენს ოფისში ერთი რეალური მყიდველიც არ შემოდის. დეკემბრის ბოლოდან განსაკუთრებით შემცირდა ბინების რეალიზაცია ანუ მას შემდეგ, რაც ლარის კურსი 2-ს გადასცდა. გვყავს ისეთი კლიენტები, ვისაც ბანკში ანაბარი ეროვნული ვალუტით ჰქონდა შეტანილი, და ახლა ლარის გამყარებას ელოდებიან. ერთი კლიენტი გვყავდა, რომელმაც ნოემბერში მოგვაკითხა და გვითხრა: ბანკში თანხა მაქვს შენახული, იანვარში სარგებელი დამემატება და ბინას მერე ვიყიდიო, სარგებლის დამატების ნაცვლად სოლიდური თანხა დაკარგა და ახლა ფულის გამოტანასაც თავს არიდებს, ელოდება ლარი როდის გამყარდება.

რეალიზაცია შეუმცირდა დეველოპერულ კომპანიას - "სახლი დიღომში". ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა თინათინ ასლამაზიშვილმა გვითხრა, რომ მიუხედავად კლიენტურის შემცირებისა, კომპანია მაინც მუშაობს:

- მართალია, რეალიზაცია შეგვიმცირდა, მაგრამ ჩვენ გამოუსწორებელი მდგომარეობა ნამდვილად არა გვაქვს. ისედაც საკმაოდ აქტიურად ვყიდდით ბინებს. ამ ეტაპზე რეალიზაცია გაგვინახევრდა, მაგრამ მაინც ვმუშაობთ. ახლა ჩვენი ბინები უფრო მეტად საბანკო განვადებებით იყიდება. ტემპი აშკარად შენელდა, მაგრამ საგანგაშო მაჩვენებელი არა გვაქვს. ყველანაირი ფართის ბინა გვაქვს - დაწყებული 12 კვ. მეტრიდან, დამთავრებული 120 კვ. მეტრით და ყველა სეგმენტს ვემსახურებით. მათალია, ჩვენი ბინები ისეთი ინტენსივობით აღარ იყიდება, როგორც ლარის გაუფასურებამდე იყიდებოდა, მაგრამ გაჩერებით არ გავჩერებულვართ.

შემცირებულია არა მარტო მშენებარე და ახალაშენებული ფართების რეალიზაცია, არამედ უკვე დასრულებული და გარემონტებული ბინებისაც. ამის თაობაზე უძრავი ქონების სააგენტო "კიბეს" ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე გვესაუბრა:

- ძალიან შემცირდა ბინების გაყიდვის მაჩვენებელი, რეალურმა მყიდველმაც იკლო იმიტომ, რომ მიუხედავად დოლარის გაძვირებისა, ბინებზე ფასები არ შემცირებულა. ადამიანები ელოდებიან სიტუაციის დალაგებას, ანალოგიური სიტუაციაა ქირის მსურველთა შორის, თუმცა, ქირის ფასმა აშკარად მოიკლო. როდესაც რეალური დამქირავებელი გამოჩნდება, ის, ვინც ბინას, ან საოფისე ფართს აქირავებს, გარკვეულ დათმობებზე მიდის და თანხას უკლებს. ბინის ქირას ისიც შეამცირებს, თუ 20-პროცენტიანი დანამატი 5%-მდე ჩამოვიდა. ბინის მფლობელს ურჩევნია ქირა არსებული კურსით კი არ გადაახდევინოს, არამედ შეღავათი გაუწიოს. გამქირავებელს კონტრაქტის შეწყვეტა არ უღირს, ამიტომ ურჩევნია ქირის თანხა შეუმციროს. არც ერთ გამქირავებელს არ უღირს კარგი გადამხდელის გაშვება. ზოგიერთი კი, იძულებულია ქირის გადასახადი შეამციროს იმიტომ, რომ საერთოდ ვერ აქირავებს. ჩვენ, მაგალითად, გვქონდა ფართი, რომელსაც პატრონი 5 ათას დოლარად აქირავებდა, მაგრამ ახლახან დაგვირეკა და გვითხრა, რომ თანახმაა 3 ათას დოლარადაც გააქირაოს. როდესაც რეალური დამქირავებელი გამოჩნდება, მაშინ უკვე ფასის შემცირებაზეც თანხმდებიან.

ნელი გოგუაძის თქმით, ადრეც იაფი ბინები უფრო იყიდებოდა, ახლა კი, მაღალფასიანი ბინების გაყიდვა საერთოდ გაჩერებულია, რადგან მათი მყიდველი არ ჩანს:

- თუ ლარი არ დასტაბილურდა, ამ ბაზრის გააქტიურება ძალიან გაძნელდება. ადრე ახალაშენებულ ბინებზე იყო მოთხოვნა, მაგრამ სამშენებლო კომპანიები ყველაფერს დოლარში აფორმებენ. დღეს ქართულ ბაზარზე არასტაბილური სიტუაციაა და დოლარში დაფიქსირებული თანხის გადახდას ყველა ერიდება. ისეთი კლიენტებიც გვყავს, რომლებსაც ბინის დაქირავება, ან ყიდვა კი უნდათ, მაგრამ ისინიც მოლოდინის რეჟიმში არიან. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქციაა - როდესაც ადამიანს ესმის, რომ ახლო მომავალში პროდუქტი გაძვირდება და სამომხმარებლო კალათაც ძვირდება, ის ბინის ყიდვაზე და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ნაკლებად ფიქრობს.

”საქმე.გე” გაზეთ ”სიტყვა და საქმის" ინტერნეტვერსიაა და პირველ ადგილზეა უძრავი ქონების განცხადებების რაოდენობით. როგორც bpn.ge-სთან საუბრისას  ”საქმე.გე”-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ლარის კურსის ცვლილებას ბინების ყიდვა-გაყიდვაზე გავლენა არ ჰქონია. საიტზე თითქმის იმავე რაოდენობის განცხადება თავსდება, რაც ლარის გაუფასურებამდე იყო. თუმცა საქმე.გე-ში აღნიშნავენ, რომ ბინები გაძვირდა. გასაყიდი ფასი საშუალოდ 2000 დოლარითაა მომატებული. რაც შეეხება გაქირავებას, ამ შემთხვევაში ბინების ფასმა დაახლოებით 50 დოლარით დაიკლო.

ხათუნა ჩიგოგიძე