მთავრობამდე ქამრები ხალხმა იძულებით შემოიჭირა

ხალხი ეროვნული ვალუტისგან გამოწვეულ კრიზისს სხვადსხვა ხერხით უმკლავდება. ისინი შენაძენი პროდუქტის მოცულობას, ჩამონათვალს ზღუდავენ.

"რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმეტესობამ უარი თქვა ისეთ შენაძენზე, როგორიც სამოსი, ტექნიკა, ავეჯი, სამშენებლო მასალა და საიუველირო ნაწარმია. ბევრმა გასართობ ცენტრებში სიარულსაც მოუკლო. ეკონომიის გაწევის შემდეგ მათმა დანაზოგმა, საშუალოდ, 22 % შეადგინა.

ბოლო ორ წელიწადში ლარი 37%-ით გაუფასურდა. დიდი ცვლილება ამ მხრივ ჯერჯერობით, დღესაც არ შეინიშნება. ლარის დევალვაციას ხალხის გაღარიბება მოჰყვა და კატასტროფული შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა თანხის დაზოგვა დაიწყო. უმეტესობამ მოუკლო ისეთი პროდუქტის ყიდვას, რომელიც არსებობისთვის აუცილებელი არ არის: სამოსი, საიუველირო ნაწარმი, საყოფაცხოვრებო, საოჯახო ნივთები - ავეჯი, ჭურჭელი, ტექნიკა და ა.შ. ბევრმა უარი თქვა გასართობ დაწესებულებებში სიარულზე. შეზღუდვა ამ მხრივ განსაკუთრებით, სტუდენტებს შეეხო.

"რემონტის გაკეთებას ვაპირებდი და შევაჩერე, რადგან სამშენებლო მასალები გაძვირებულია. მცირედი შენაძენის გაკეთება მოვასწარი. სამი თვის წინ ვიყიდე სანათები - 1 ცალი 9 ლარად, "დეკორი" - ერთი შეკვრა 30 ლარად და შპალერი - 15 ლარად. ელიავაზე ვიყავი მისული და მითხრეს, ლარის გაუფასურებამ ფასის მომატება გამოიწვია, გირჩევნია ახლა იყიდო, შეიძლება რამდენიმე დღეში კიდევ გაძვირებული დაგხვდესო. რომელ გართობაზე, რესტორანზეა საუბარი. ვცდილობ თანხა მაქსიმალურად დავზოგო, თუმცა ძნელია. ხელგაშლილი არც არასდროს ვყოფილვარ, ფულს არასდროს ვფლანგავდი. ბოლო დროს ხარჯი სადღაც 30%-ით შევამცირე. სახლს, შვილებს მოვაკელი ბევრი რამ და ასე დავედი ამ მინიმუმზე", - ამბობს გიორგი ბიწაძე.

წინა რესპონდენტის მსგავსად, ქეთი აბულაძემაც, ეკონომიის გაკეთების მიზნით, სხვადასხვა საქონლის ყიდვა შეამცირა. "ეს არის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამოსი, საიუველირო ნაკეთობა; ანუ ადრე თუ თავს რამე ლამაზის შეძენის უფლებას ვაძლევდით, ახლა ვცდილობთ მაქსიმალურად მომჭირნედ ვიყოთ. ნახეთ ერთი ჩემი გარდერობი, აშკარად დაეტყო ლარის გაუფასურება. ჯერ მარტო საკვებზე ხარჯი იმდენად გამეზარდა, რომ ახლა სხვა წვრილმანებში თანხას აღარ გავიღებ. ადრე ბავშვები ცურვაზე, ხატვაზე და ინგლისურზე დამყავდა. უცხო ენის მასწავლებელს ფულს დოლარში ვუხდიდი, რაც ძალიან ძვირი მიჯდებოდა. ბოლო თვეებია შევამცირე დანახარჯი. მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ რა ვქნა, მეტ ეკონომიას ვეღარ გავწევ", - აღნიშნა ქეთა აბულაძემ.

ლარის გაუფასურების შედეგად მოსახლეობას შემოსავალი იმდენად შეუმცირდა, რომ ხალხმა ისეთი პროდუქტების ყიდვასაც მოუკლო, რასაც გაძვირვება არ შეხებია. მაგალითად, ეს არის ძვირფასეულობა. ხალხის დიდი ნაწილი მხოლოდ ყოველდღიური მოხმარებისთვის აუცილებელი პროდუქტის შეძენაზეა გადასული. ასეთი კატეგორიის ადამიანები უმეტესად, თავის გატანაზე ფიქრობენ და არა საკუთარ სიამოვნებაზე. ამ მიდგომით კი მცირედი დანაზოგის გაკეთებას თუ ახერხებენ.

"გართობისთვის თანხას არასდროს ვხარჯავდი, შევამცირე ყიდვა საიუველირო ნაწარმის, სამოსის. მოგეხსენებათ, ფასმა ოქროზეც მოიმატა, ახლა რამე რომ შევიძინო და შვილისთვის გადავდო, სისულელე იქნება. რაც შეეხება ტანსაცმელს, გაზაფხულზე პიჯაკს, პერანგებს და მსგავს რაღაცებს ყოველ წელს ვყიდულობდი, მაგრამ ახლა თავს ფუფუნების საშუალებას აღარ ვაძლევ. ამ მხრივ მაქსიმალურად შევიზღუდე. საკვებ პროდუქტს რაც შეეხება, ვცდილობ იაფფასიანი ვიყიდო. თუკი ადრე რამეს ხარისხის მიხედვით ვარჩევდი, ახლა უპირატესობას ფასს ვანიჭებ. მაგალითად, 28 თეთრიანი კვერცხის ნაცვლად, 26 თეთრიანს ვყიდულობ. ხარჯი არ ვიცი რამდენით შემიმცირდა, მაგრამ ალბათ, თუ ყველაფერს ერთად გავითვალისწინებ, 15% მაინც იქნება", - აცხადებს რეზონანსთან თბილისელი ნათია ტურაშვილი.

ლარის დევალვაციამ სტუდენტების ჯიბესაც დაარტყა. ისინი გართობისთვის თანხას ვეღარ ინახავენ და გარკვეულ შეზღუდვებზე მიდიან. გოგონების ნაწილს საიუველირო ნაწარმზე, თავის მოვლაზე მოუწია უარის თქმა. "მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ და მთელი ჩემი სამეგობრო, ჯგუფელები, ლარის გაუფასურებაზე ლაპარაკობს. რა დროს გართობაა, ვეღარ ვახერხებთ მშობლებისთვის ფულის გამორთმევას. შევამცირე სალონებში სიარულიც. ადრე თუ 10 ლარამდე მქონდა, ახლა დღეში 5 ლარს მაძლევენ და ეს უნდა ვიკმარო ყველაფერში - ასლებში, საკვებში, გზაში. ასევე მოვუკელი საიუველირო ნაწარმის შეძენას, რაც მართლაც ძალიან მიყვარს. პეკინზე რომ გახვალ, 50-70%-იანი "სეილებია", მაგრამ რად გინდა, მაინც ვერ შევდივართ. ამის საშუალება აღარ გვაქვს", - ამბობს ნანუკა შეყილაძე.

"დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება ზოგჯერ მცდარი გადაწყვეტილების ტოლფასიაო", - წერს ცნობილი ბიზნესმენი უოლტერ კრაისლერი. ამ დაგვიანებას, მომხმარებელთან ერთად, ზოგიერთი მცირე მეწარმის ბიუჯეტიც შეეწირა. მას შემდეგ, რაც ხალხმა ქამრების შემოჭერა დაიწყო, ბიზნესს შემოსავალი შეუმცირდა. ზოგიერთმა ამ ზარალს ვერ გაუძლო და მუშაობა შეწყვიტა.

მაგალითად, თბილისის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე, პეკინზე, მაღაზიები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა. ლარის დევალვაცია ძვირფასეულობის ბიზნესსაც შეეხო, ბოლო ორი თვის განმავლობაში მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა. ასევე მძიმე მდგომარეობაა სადგურზე (ე.წ. ვაგზალი) და ელიავაზე მდებარე სავაჭრო ქსელებშიც.

"რეზონანსი" მოვაჭრეების პოზიციითაც დაინეტერესდა. მათ ჩვენთან საუბრისას, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასეს. "ელიავაზე მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან შემცირებულია, ხალხმა ყიდვას მოუკლო. მიჭირს ციფრების თქმა, თუმცა დაზუსტებით შემიძლია განვაცხადო, რომ განახევრებულია. ვაჭრობა ყველაზე მეტად შაბათ-კვირას გვაქვს ხოლმე. ახლა რომ გამოიაროთ, ამ დღეებში თითო-ოროლა კლიენტს თუ შეამჩნევთ. ხალხს სარემონტო მასალების ფული აღარ აქვს, საჭმელს ძლივს ჭამს. მათი შეზღუდვა ჩვენ ძალიან გვაზარალებს. ის კი არა, ზოგიერთმა ვაჭრობაზე უარი თქვა და მაღაზია დახურა. წაგებაზე მუშაობდნენ და იმიტომ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე", - ეს არის ელიავას ბაზრობაზე მოვაჭრეთა საერთო პოზიცია.

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”