"5 მილიონიანი მოგება ხალხის გაღატაკებიდან მივიღეთ"

"გადაფასებებით მარტო 1 თვეში მივიღეთ 5 მილიონიანი მოგება. ეს მოგება მოვიდა ჩვენი ხალხის გაღატაკებიდან".

ამის შესახებ რიკო კრედიტის დამფუძნებელმა ლაშა ნიკოლაიშვილმა გადაცემა "რეაქციაში" ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, ლარის გაუფასურების გამო საფინანსო ინსტიტუტებმა კოლოსალური შემოსავლები მიიღეს.

"დღესდღეობით ყველაზე მოგებულები სამწუხაროდ ვართ ჩვენ, ფინანსური ინსტიტუტები. ჩვენ მივიღეთ კოლოსალური მოგებები, კურსის დევალვაციის გამო. გამომდინარე იქედან, რომ როდესაც სესხები გაცემულია დოლარში, ხალხს უწევს გაცილებით მეტი ლარის გადახდა. კურსებზე გაიზარდა სპრედები, რამაც გამოიწვია მოგება სავალუტო ოპერაციებზე, გადაფასებებით მარტო 1 თვეში მივიღეთ 5 მილიონიანი მოგება. ეს მოგება მოვიდა ჩვენი ხალხის გაღატაკებიდან",-განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, როგორც ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, ლარის კურსის გაუფასურება "სუფთა წყლის სპეკულაცია" იყო. "დღეს ყველა ამბობს, რა მოუვიდა ლარს. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვართ ნდობის ბიზნესში. ლარის მიმართ, როგორც ფუნდამენტალურ ინსტიტუტთან, დღემდე იყო ნდობა, დღეს ეს ნდობა ქვეყანაში უკვე აღარ არის. როდესაც მოხდა ნდობის დარღვევა, მასიურად მოხდა თანხების გატანა ფინანსური ინსტიტუტებიდან... გამომდინარე იმ სპეკულაციიდან, ეს იყო სუფთა წყლის სპეკულაცია, დღესდღეობით რაც მოხდა საქართველოში",-განაცხადა ნიკოლაიშვილმა.