რომელი პროფესიები აბედნიერებს ხალხს ესპანეთში

კვლევის  თანახმად, ათიდან რვა ესპანელი (81,5%) ბედნიერია თავისი სამსახურით

სპორტსმენი, მეცნიერი და მასწავლებელი - ესპანეთში ყველაზე "ბედნიერ" პროფესიებად დასახელდა.

საერთაშორისო კომპანია "ადეკოს" მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, გამოკითხვის დროს სპორტსმენთა 98,9%-მა, მასწავლებელთა 95,15%-მა და მეცნიერთა 94,45%-მა განაცხადა, რომ სიხარულით ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას და ამის გამო თავს ბედნიერად გრძნობენ.

"ადეკოს" ინფორმაციით, "ბედნიერების ინდექსი" ასევე გადალახეს ადვოკატებმა (92%), მედიცინის მუშაკებმა (91,67%) და მხატვრებმა (91,18%). რეიტინგში ფიგურირებენ ფსიქოლოგები, ჟურნალისტები და მეხანძრეებიც.

საერთო ჯამში, საერთაშორისო კომპანიის მიერ ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ათიდან რვა ესპანელი (81,5%) ბედნიერია თავისი სამსახურით, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო წლებში.

ამასთან ერთად, "ადეკოს" ცნობით, ყველაზე "ბედნიერები" საკუთარი სამსახურით ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში არიან.