BBC მარკ ცუკერბერგზე სამსერიან დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

BBC სოციალურ ქსელ Facebook-ისა და Meta-ს დამფუძნებელზე, მილიარდერ მარკ ცუკერბერგზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

სერიალის სამუშაო სახელწოდება არის „ცუკერბერგი“ და ის სოციალურ ქსელ Facebook-ის დაარსებიდან 20 წლის იუბილეზე გამოვა. ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალგაზრდა სტუდენტმა, მარკ ცუკერბერგმა საერთო საცხოვრებელში თავის მეგობრებთან ერთად 2004 წლის 4 თებერვალს ვებგვერდი ჩაუშვეს, რომ კოლეჯის სტუდენტებს ერთმანეთთან სწრაფად და თავისუფლად დაკავშირებაში დახმარებოდნენ. დოკუმენტური პროექტის ფარგლებში სულ სამი სერიის გადაღება არის დაგეგმილი.

BBC-ის ცნობით, სერიალში კადრებს კომპანიის ისტორიის მთავარ ადამიანებთან ინტერვიუებიდან გამოიყენებენ, აისახება ნაწყვეტები მათი პირადი დღიურებიდან, ასევე, საარქივო მასალები და ინსაიდერების მონაცემები. დოკუმენტური ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი კინოკომპანია Mindhouse-ის წარმომადგენელი, ნენსი სტრენგია.

„მარკ ცუკერბერგისა და Facebook-ის ისტორია ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი ამბავია. შესაძლოა, მან უფრო მეტი გააკეთა ადამიანების ქცევისა და კომუნიკაციის გზების გარდაქმნისთვის, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადამიანმა ამ საუკუნეში. აღფრთოვანებული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გადმოვცეთ სოციალური მედიის გიგანტის არაჩვეულებრივი შიდა ისტორია და მის უკან მყოფი ადამიანის შესახებ მაყურებელს მოვუყვეთ“. - აცხადებს ნენსი სტრენგი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ