ვინ "ათამაშებს" ლარს

ვინ "ათამაშებს" ლარს თავის ნებაზე და არის თუ არა ეროვნული ვალუტის გამყარება დროებითი მოვლენა?

ლარის კურსმა გასულ კვირას გაუფასურების კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. დოლარზე გადაცვლის კურსი 2,19 ლარიდან ერთბაშად 2,26-მდე ავიდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ფასი 2,40 ლარსაც კი აღწევდა. ლარის კურსს არც მთავრობის ეკონომიკური გუნდის ბიზნესმენებთან შეხვედრამ უშველა და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო გამყარება, რაც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) უმოქმედობაში დაადანაშაულა. ივანიშვილის ბრალდებებს გიორგი ქადაგიძემ უპასუხა, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს არ დაეთანხმა და მეტიც, ამ ყველაფერს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა უწოდა.

ურთიერთბრალდებების ფონზე კი, რიგითი მომხმარებლის შემდეგ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ბიზნესი აღმოჩნდა. შემცირებული გაყიდვები, გაძვირებული კრედიტები და იმპორტი, გაზრდილი ხარჯები და საიჯარო გადასახადი - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც ბიზნესი დადგა. ექსპერტებმა ლარის გამყარება ფსიქოლოგიურ ფაქტორებს დაუკავშირეს და ისიც კი ივარაუდეს, რომ კომერციულ ბანკებს, ხელისუფლებასა და სებ-ს შორის გარკვეული შეთანხმება შედგა. თუმცა საზოგადოებას, რომელიც გარედან ადევნებს თვალს ამ პროცესს და კურსის მკვეთრი რყევებით ყველაზე მეტად ზარალდება, ახლა ის უფრო აინტერესებს, ვინ "ათამაშებს" ლარს თავის ნებაზე და არის თუ არა ეროვნული ვალუტის გამყარება დროებითი მოვლენა?

მიხეილ დუნდუა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ქადაგიძემ იცრუა, როცა თქვა, რომ მან ეკონომიკას მიაწოდა დოლარი საკმარისი რაოდენობით. ლარის დევალვაცია დაიწყო 2013 წლიდან, მეორე ტალღა იყო 2014 წელს და ის, რაც ახლა ხდება, უკვე მესამე ტალღაა. ანუ, ორი წელია ლარი უფასურდება. ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკიდან ამოიღო დოლარი და ლარი მიაწოდა. 2013 წლის ნოემბრამდე სებ-მა შეისყიდა 555 მილიონ დოლარამდე, ანუ სანამ ლარი გაუფასურდებოდა, სწორედ ამდენი თანხა ამოიღო ეკონომიკიდან და სანაცვლოდ შესაბამისი რაოდენობის ლარი გაუშვა. სწორედ ნოემბრის შემდეგ, დეკემბერში, როცა გაცხოველებულია ვაჭრობა იმპორტის თვალსაზრისით და დოლარზე მოთხოვნა იზრდება, დაიწყო დევალვაციის პირველი ტალღა. ამ პერიოდში სებ-ი ეკონომიკაში დოლარს მცირე პორციებით აბრუნებდა და ორ თვეში 220 მილიონი დოლარი დააბრუნა. მაგრამ შეადარეთ ერთმანეთს ეკონომიკიდან ამოღებული და დაბრუნებული თანხები. როცა სებ-ი ეკონომიკიდან დოლარს იღებდა, განმარტავდა, რომ ამას აკეთებდა ლარის ზედმეტად გამყარების საფრთხის თავიდან ასაცილებლად და სავალუტო რეზერვების შესავსებად. ამასთანავე, აკეთებდა სხვა განმარტებებსაც - ჩემი საქმე არ არის კურსის მეთვალყურეობა და ჩემი მთავარი ფუნქცია ფასებზე კონტროლიაო. ამ შემთხვევაში, როცა ეკონომიკას უჭირს და სჭირდება ისევ დოლარი, რატომ არ უბრუნებს უკან? ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ სებ-მა გამოიტანოს მთელი სავალუტო რეზერვი, მაგრამ ის თანხა, რომელიც ეკონომიკას გამოაკლო, უკან უნდა დაუბრუნოს.

დღეს ინფლაცია ჩუმად "მწიფდება". მოქმედი ბიზნესკომპანიები ფასებს არ ზრდიან და ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდებიან. მაგრამ ისინი ფასს მყისიერად და ერთბაშად გაზრდიან, თუ ვითარების უკან შემობრუნების იმედი გადაეწურებათ.  სებ-ი როცა სავალუტო რეზერვების შემცირების საფრთხეს იმიზეზებს, შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლებში, წელიწად-ნახევარში სებ-მა ეკონომიკას 450 მილიონი დოლარი მიაწოდა და სავალუტო რეზერვები 1,9 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. დღეს სავალუტო რეზერვი 2,6 მილიარდი დოლარია. ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის აუცილებელია, რეზერვის მოცულობა იმპორტის სამმაგ მოცულობაზე მეტი იყოს, რაც ჯამში 1,7 მილიარდია. ანუ აუცილებელსა და არსებულ რეზერვს შორის 900-მილიონიანი მეტობაა. შესაბამისად, სებ-ს საკმარისზე მეტი რეზერვი აქვს და ჰქონდა, რათა ადრე ამოქმედებულიყო. ჩემი აზრით,

ეროვნული ბანკ­ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უნდა გადადგეს".

მერაბ კაკულია, ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი:

"ინტერვე­ნციების განხორც­ი­ელება იმ პრინციპით, რომ რამდ­ენ დოლარსაც შეისყიდის ეროვნული ბანკი ბაზარზე, იმდენივე უნდა გაყიდოს ლარის კურსზე ზეწოლის შემთხვევაში, სწორი არ არის.

ეს იმაზეა დამოკიდებული, რა პირობებში მოხდა უცხოური ვალუტის ამოღება და შემდეგ რა პირობებში ხდება მისი გამოყენება გაცვლითი კურსის რეგულირებისთვის. 555 მილიონი დოლარი ამოიღეს იმ დროს, როცა საქართველოს ეკონომიკაში დოლარის შემოდინება შედარებით ინტენსიურად ხდებოდა. იმ პერიოდში (საუბარია 2013 წლის პირველ სამ კვარტალზე) ბანკთაშორის ბაზარზე დოლარის სიჭარბე იყო და ამ ჭარბ დოლარს სებ-ი მიმოქცევიდან თუ არ ამოიღებდა, ლარი გაუმართლებლად გამყარდებოდა, რაც ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე ცუდად იმოქმედებდა.

როცა მსოფლიოში დოლარის კურსის ზრდის გლობალური ტენდენციაა და საქართველოს ყველა ძირითადი სავაჭრო პარტნიორის ვალუტა დოლარის მიმართ ეცემა, ლარი ვერ დარჩებოდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყო მანამ, სანამ ეს დაიწყებოდა... მცურავი კურსის პირობებში მნიშვნელოვანი მოცულობის ინტერვენციები ძირითადად მაშინ გამოიყენება, როცა ბაზარზე მოკლევადიანი კონიუნქტურული რყევებია და შესაბამისად, დროებითი დისბალანსის გასანეიტრალებლად სებ-ი დოლარს ყიდის ან ყიდულობს. ლარის ბოლოდროინდელი დევალვაცია ფუნდამენტური ფაქტორებით იყო გამოწვეული, რომლებსაც განეკუთვნება სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდა, ფულადი გზავნილების კლება; ტურისტული მომსახურების მოცულობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების შემცირება. 2014 წლის თებერვალ-აგვისტოში შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. ამიტომაც იყო, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ პერიოდში 200 მილიონი დოლარი იყიდა ბაზარზე, და შემდეგ ეს 200 მილიონი უკანვე გამოიტანა (თუმცა, არა "ნულოვანი თამაშის" პრინციპით), როცა ბაზარზე სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. სანამ ფუნდამენტური ფაქტორები მოქმედებს, მასშტაბური ინტერვენციების, როგორც კურსის რეგულირების ბერკეტის გამოყენება კონტრპროდუქტიულია, ამას ადასტურებს მსოფლიო გამოცდილება. როცა ლარის დევალვაციის სიღრმე 20%-ს მიუახლოვდა და მისმა კურსმა ყოველდღიურად 3-6 თეთრით დაიწყო ვარდნა, უკვე აშკარად ჩაირთო სპეკულაციური მექანიზმი, რომელსაც შემდეგი სქემა აქვს: იწყება აჟიოტაჟით, რომელიც გადაიზრდება პანიკაში, ხოლო შემდეგ - სპეკულაციურ შეტევაში. სწორედ ეს სცენარი დავინახეთ ჩვენ. სებ-ს ინტერვენციები ყველაზე ინტენსიურად სწორედ ამ პერიოდში უნდა გამოეყენებინა, როცა სპეკულაციური შეტევის ნიშნები გამოჩნდა და პანიკამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. ამ დროს, ჩემი აზრით, აუცილებელი იყო ინტენსიური საინტერვენციო აქტივობა და პარალელურად, უფრო ეფექტიანი და თანამიმდევრული კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

რაც შეეხება პროგნოზებს, ვფიქრობ, დასრულდა ის პერიოდი, როცა ლარის კურსი დიდი ხნის განმავლობაში შედარებით სტაბილური იყო. გლობალური სავალუტო ბაზარი ტურბულენტობის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდში შევიდა, რაც, რასაკვირველია, გავლენას მოახდენს საქართველოს შიდასავალუტო ბაზარზე. რეალისტური და კარგად გააზრებული ნაბიჯების გადადგმით, როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის მხრიდან, ლარის კურსი საშუალოვადიან პერიოდში შესაძლებელია განსაზღვრულ დიაპაზონში მოექცეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩატარდა სტრესტესტები, რომლებმაც აჩვენეს, რომ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსის წონასწორობის ზონა ამჟამად 2 ლარის ირგვლივაა, 6-7%-იანი გადახრით".

ნოდარ ჯავახიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი: - შარშან 3 ნოემბრიდან დაიწყო ლარის კურსის ინტენსიური ვარდნა, 51 პუნქტით დაეცა, დაახლოებით 29%-ით, რაც პრინციპში კატასტროფის ტოლფასია და ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებმა დროულად მოუსწრო ლარს. თავად საფუძველი ლარის ვარდნისა იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც შეგნებულად გაღვივებული აჟიოტაჟური მოთხოვნა. ივანიშვილის მიმართ ნდობა იმდენად მაღალია, რომ მისი განცხადების შემდეგ, ლარის გაუფასურების მიზეზებს პანიკის ნაწილი მოსცილდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებიცა და სებ-იც სულ ამბობენ, რომ ამ ვითარებაში პანიკა ყველაზე საშიშია, მაგრამ ვინ ქმნის ამ პანიკას? 3 ნოემბერს დაიწყო ეს პროცესი, რომელშიც სებ-ი 25 ნოემბრამდე არ ჩარეულა. 25 ნოემბერს გამოიტანა გასაყიდად 40 მილიონი დოლარი, შემდეგ - 2 დეკემბერს და მერე 4 თებერვლამდე აღარ ჩარეულა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ლარის კურსი საკმაოდ დაეცა. არავინ ამბობს, დამიჭირეთ და ჩამსვით ციხეშიო. ყველა თავისი ქმედების გამართლებას ცდილობს და ოპონენტების ძლიერება-სისუსტისგან გამომდინარე, გასდის ან არ გასდის. როცა ერთი მხრიდან ხედავ, რომ ლარის სიჭარბეა, მოთხოვნა დოლარზეა და ამ დროს, 350 მილიონიდან 700 მილიონამდე ზრდი კომერციული ბანკების დაკრედიტებას, რითაც მიმოქცევაში უშვებ უზარმაზარ დამატებით ფულად მასას, რით შეიძლება ეს აიხსნას? იმ დროს, როცა ლარის კურსის სტაბილურობას სერიოზული საფრთხე ემუქრება და რეალურად დამანგრეველი პროცესი მიდის, ლარის მასის გაზრდას რა ჰქვია? გადახედეთ, რა ხდებოდა იმ დროს, როცა "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში. მაშინაც ქადაგიძე იყო სებ-ის პრეზიდენტი, ყოველთვის ნოემბერში იწყებდნენ ინტერვენციებს და ეს იანვარ-თებერვლამდე გრძელდებოდა. შემდეგ კი­ პირიქით, ზაფხულში ეკონომიკიდან დოლა­რს იღებდნენ. ამისთვის არსებობს სებ-ი,­­ რომ ქვეყანა დააზღვიოს თუნდაც საგარეო ფაქტორების ზემოქმედებისგან. ამიტომ ამ ვითარებაში უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ ეროვნულ ბანკს ეკისრება.

მთავრობამ პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა აცხადებდნენ, სებ-თან კოორდინირებულად ვმუშაობთო. იმედი მაქვს, ამ საკითხს ხელისუფლება ასე არ დატოვებს, ჩაიხედავენ სიღრმეში და არ გამიკვირდება, თუ ზოგიერთ მათგანს შერცხვება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გავემიჯნებოდი მაინც ამ ვითარებაში სებ-ს. არჩევნებში გავიმარჯვეთ თუ არა, ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო. ამას კატეგორიულად ვითხოვდი და ბიძინა ივანიშვილთან ვიკამათეთ კიდეც.

ლარის გაუფასურებაში საბოტაჟის ნიშნებს ნამდვილად ვხედავ, თუმცა, დოკუმენტურად დასაბუთება არ შემიძლია. ეჭვი არსებობს, მათ შორის, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, შექმნილ ვითარებაში 350 მილიონით რომ გაზარდეს მიმოქცევაში ფული, რა მოიგო სახელმწიფომ?! იქნებ გვითხრან, სად წავიდა ეს ფული?! სებ-ს უნდა შეესწავლა, რა იწვევს მოთხოვნას დოლარზე, იქნებ სპეკულაციური მოთხოვნაა?! ვინ ყიდულობდა და რისთვის ყიდულობდა?!  90-იან წლებში ზუსტად იმავეს აკეთებდა ეროვნული ბანკი, "უპრაგონოდ", გაუზომავად იძლეოდა სესხებს.  არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, პირდაპირ მოგცემ სესხს, თუ კომერციული ბანკის მეშვეობით. ზუსტად იგივე გააკეთა ახლაც ეროვნულმა ბანკმა. როცა არის შესაძლებლობა, ეს შეაჩერო, რას ელოდები?! რაც შეეხება ფასებს, ნოდარ ხადურმა განაცხადა ამას წინათ, არ დავუშვებთ ფასების ზრდასო. თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერავინ დაიჭერს - ვერც ხადური და ვერც საქართველოში მცხოვრები ყველა ნოდარი ერთად.

დოლარის კურსმა მოვალეებს "აღმართში" გაასწრო

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას­ ლარის გაუფასურებამ მაქსიმალურ "ჭერს" მიაღწია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა და მოუწოდა, შეუმს­უბუქონ სესხის ტვირთი მათ, ვისაც სესხი დოლარში აქვს, შემოს­ავალი კი - ლარში.

ეროვნული ბანკის ამ მოწოდებას 20 ბანკიდან ჯერ მხოლოდ 2 (28 თებერვლის ინფორმაციით) გამოეხმაურა. "საქართველოს ბანკმა" გადაწყვიტა, კარგი საკრედიტო­ ისტორიის მქონე კლიენტებს სესხის ვადა გაუხანგრძლივოს დამატებითი საპროცენტო სარგებლის გადახდის გარეშე. შესაბამისად, მომხმარებელი ლარში ყოველთვიურად გადაიხდის იმდენივეს, რამდენსაც ლარის გაუფასურებამდე იხდ­იდა.  "თიბისი ბანკში" ამბობენ, რომ ყოველი მსესხებლის მდგომარეობას ინდივიდუალურად განიხილავენ და მათზე მორგებულ შეღავათიან პირ­ო­ბებს შესთავაზებენ. შეღავათი გულისხმობს სესხის ვადის ისე გაზრდას,­ რომ მსესხებელს ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეუნარჩუნდეს, რაც ლარის გაუფასურებამდე ჰქონდა (1 დოლარი - 1,75 კურსის­ დროს).

ბანკების გარდა, დოლარში­ სესხი მომხმარებლებს აღებული აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ე.წ. კერძო მევახშეებისგან და სხვა საკრედიტო კომპანიებში. მათ საქმიან­ობას ეროვნული ბანკი არ არეგული­რებს და ძნელი წარმოსადგენია, რომ მოწოდება გაითვალისწინონ და ლარ­ის გაუფასურებით მიღებულ სოლიდ­ურ მოგებაზე უარი თქვან.

CAMRY-ები შემოიჭირეს!..

მთავრობის განცხადების საპასუხოდ, რომ "ქამრებს შემოიჭერენ" და ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებენ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ბოლო წლებში ავტომობილების შეძენის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო უწყებებმა დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს. მხოლოდ 2015 წლის პირველ ორ თვეში ამ მიზნებისთვის დაახლოებით 5,2 მლნ ლარი დაიხარჯა. ორგანიზაციაში დათვალეს, რომ 2 წელიწადში ავტომობილებზე დახარჯული 147 მლნ ლარი საკმარისია, რომ ყველა კატეგორიის პენსიონერს პენსია 9 ლარით მომატებოდა, ანდა 2 წლის განმავლობაში ყველა სოციალური პაკეტი (შშმ პირები, სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიებისა და სხვა დახმარებების მიმღებები), სულ ცოტა, 30%-ით გაზრდილიყო. ავტოტრანსპორტს სახელმწიფო უწყებები ყიდულობდნენ როგორც ტენდერებზე, ასევე გამარტივებული გზით. 2013-2015 წლებში ავტომობილების შესაძენად ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს შსს-ს მომსახურების სააგენტომ - 31.794.868 ლარი; ჯანდაცვის სამინისტრომ - 10.846.350 ლარი; შსს-მ - 6.539.450 ლარი; შპს "თბილსერვისჯგუფმა" - 5.548.180 ლარი; თბილისის მერიამ - 4.409.999 ლარი; შემოსავლების სამსახურმა - 3.331.698 ლარი; სურსათის ეროვნულმა სააგენტომ - 3.214.687 ლარი; საქართველოს ფოსტამ - 2.146.200 ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - 1.841.040 ლარი; შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" - 1.503.347 ლარი.

2015 წელს გამარტივებული შესყიდვების საშუალებით ერთადერთი მსხვილი შესყიდვა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. უწყებამ 4,7 მლნ ლარად 67 ერთეული„"ტოიოტა ქემრი" შეიძინა.

მინისტრები მოადგილეების "ჩრდილში"

შარშან მინისტრების ყოველ­თვიური სახელფასო დანამატი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, 4.435-დან 2.710 ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, 2014 წლის იანვრიდან მინისტრის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება ჯამში 6.250 ლარს (ხელზე 5.000 ლარი) არ უნდა აღემატებოდეს - თანამდ­ებობრივ სარგოს (3.540 ლარი) პლუს ხსენებული სახელფასო დანამატი (2.710 ლარი).

"ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) შეეცადა, გაერკვია, რამდენად შეესაბამება მინისტრების მიერ 2014 წლის სამუშაოს შესრუ­ლებით მიღებული შემოსავლები დადგენილ ზღვარს, რომლის თანახმად, მინისტრის წლიური შემოსავალი 75.000 ლარს (ხელზე 60.000) არ უნდა აჭარბებდეს. ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრ­ თეა წულუკიანს 2014 წელს მიღებული აქვს 87.500 ლარი (ხელზე 70.000 ლარი), საიდანაც­ 75.000 ლარი თანამდებობრივი სარგო და სახელფასო დანამატია, ხოლო დანარჩენი 12.500 ლარი იუსტიციის მინისტრს მიღებული აქვს პრემიის ან სხვა დანამატის სახით. 81.559 ლარი შეადგინა 2014 წელს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის შრომის ანაზღაურებამ. ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს, ორივეს, 81.250 ლარი მიუღია. თანამდებობრივი სარგოსა და სახელ­ფასო დანამატის გარდა, თითოეულს მიღებული აქვს 6.250 ლარის პრემია­ ან სხვა დანამატი. დავით სერგეენკოს,­ კახი კალაძისა და სოზარ სუბარის შრომის ანაზღაურებამ შარშან 75.000 ლარი შეადგინა, პრემია კი არ მიუ­ღიათ.

საინტერესოა, რომ მინისტრის მოადგილეების შემოსავლები ზოგჯერ მინისტრებისას აჭარბებს. მაგალითად, შს მინისტრის მოადგილე დავით­ ხუციშვილის შრომის ანაზღაურებამ 139.393 ლარი შეადგინა, ხოლო საპა­ტრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით ცინარიძის, შემოს­ავალი 2014 წლის განმავლობაში 105.920 ლარს გაუტოლდა. შს მინისტრზე გაცილებით მეტი აქვს 2013 წელს მიღებული მის მოადგი­ლეს, ლევან იზორიას - 145.368 ლარი. შს სამინისტროს მსგავ­სად, 2014 წელს მინისტრზე მაღალი შრომის­ ანაზღაურება მინისტრის მოადგილეებმა მიიღეს ენერგეტიკისა და იუსტიციის სამინისტროებშიც.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”