რატომ ირჩევენ სასწავლებლად ქართველი სტუდენტები ლიტვას?

”ვფიქრობ, საქართველოში კიდევ კარგა ხანს ვერ იქნება სწავლის ასეთი ხარისხი”

ლიტვაში ჩვენი, რამდენიმე ქართველი ჟურნალისტის ვიზიტი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა - ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტს სწორედ 1918 წლის 16 თებერვალს მოაწერა ხელი. წლების შემდეგ ბალტიისპირეთის ეს პატარა ქვეყანა გახდა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის სურვილი გამოთქვა. 2004 წლის 1 მაისს კი 3-მილიონიანი ლიტვა ევროკავშირს შეუერთდა, მანამდე ერთი თვით ადრე ნატო-ს წევრი გახდა. ევროპული ოჯახის წევრობიდან 10-ზე ცოტა მეტი წლის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლიტვამ საკუთარ თავზე ”იწვნია” ის სარგებელი, რაც ევროკავშირის წევრობას მოაქვს. ევროკავშირის მიერ ლიტვისთვის გაწეული ფინანსური დახმარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ლიტვის უმაღლესი სასწავლებლებია, რომლებიც დღეს ყველანაირ ევროპულ და თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს - დაწყებული თანამედროვე აუდიტორიებით, მაღალი ტექნოლოგიებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, დამთავრებული პანდუსებით და შშმ პირებისთვის განკუთვნილი კომპიუტერებით.

ლიტვის უნივერსიტეტების დიპლომი აღიარებულია ყველა იმ ქვეყანაში, რომელთაც ხელი მოაწერეს ლისაბონის კონვენციას (50 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთა შორის არიან ევრკავშირის ქვეყნები, აშშ, ავსტრალია, კანადა, ისრაელი, ახალი ზელანდია, თურქეტი, უკრაინა). ალბათ ამიტომაც, ბოლო წლებში სწავლის გაგრძელებას ქართველი სტუდენტები სწორედ ლიტვის უნივერსიტეტებში ამჯობინებენ, რომელიც მათ უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს და ევროპაში უხსნის გზას. ლიტვაში საერთო ჯამში 24 უნივერსიტეტი მოქმედებეს. მას შემდეგ კი რაც, 1999 წელს ქვეყანამ ბოლონიის დეკლარაციას მოაწერა ხელი, უმაღლესი განათლების სისტემა აქ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და სამ საფეხურად - ბაკალავრი, მაგისტრი და დოქტორანტურა - იყოფა. უმაღლესი განათლების მსურველებს განათლების მიღება, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, ე.წ. კოლეგიებში შეუძლიათ, სადაც აქცენტი უფრო პროფესიულ სწავლებაზეა.

გარდა ამისა, ლიტვის წამყვანი უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს ორმაგ დიპლომს, ერთს კონკრეტული სასწავლებლის, მეორეს კი პარტნიორი ევროპული, ამერიკული ანდა ბრიტანული უნივერსიტეტის. ლიტვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტებს ასევე შეუძლიათ დაეუფლონ რამდენიმე ენას დაწყებული ლიტვურიდან, დამთავრებული სამხრეთ კორეულით. ლიტვის წამყვანი უნივერსიტეტების ყველა სტუდენტს, მათ შორის საქართველოდან ჩასულ სტუდენტებსაც, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ერასმუსის პროგრამარში და ერთი სემესტრი ან სულაც ერთი წელი ევროპაში, პარტნიორ უნივერსიტეტებში გაატარონ.

ვილნიუსის უნივერსიტეტი

ლიტვისა და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი - ვილნიუსის უნივერსიტეტი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში დაფუძნდა და დღემდე ლიტვის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებად რჩება. ყოველწლიურად უნივერსიტეტში, რომლის კურსდამთავრებულებიც თავის დროზე ადამ მიცკევიჩი და ტარას შევჩენკო გახდნენ, განათლებას 20 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს. უნივერსიტეტში ასევე განთავსებულია ობსერვატორია, ერთ-ერთი მთავარი მშვენება კი უძველესი ბიბლიოთეკაა, რომლის ერთი ოთახი თითქმის პირვანდელი - საუკუნეების წინანდელი სახით არის შენარჩუნებული, სხვა დარბაზები კი თანამედროვედ აღჭურვილია. ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავში კი არც მეტი, არც ნაკლები 5 მილიონზე მეტი დასახელების წიგნი, მათ შორის სხვადასხვა ენაზე თარგმნილი რამდენიმე ქართული ნაწარმოები, ასევე მანუსკრიპტები და დოკუმენტები ინახება.

”მედიცინის ფაკულტეტიდან დაწყებული, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებით დასრულებული ყველა ფაკულტეტს მოვიცავთ. სწავლის პროცესი ინგლისურად და ლიტვურად მიმდინარებს და გვაქვს 500-ზე მეტი სხვადასხვა კურსი”, - აღნიშნა ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორმა იურას ბანისმა.

უკვე რამდენიმე თვეა, ლიტვაში საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძის ხელშეწყობით ვილნიუსის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ქართული ენის სწავლების ცენტრი, სადაც ყველა დაინტერესებულ სტუდენტსა თუ მოხალისეს ქართულ ენას ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ლექტორი ნინო შარაშენიძე ასწავლის.

საქართველოდან ჩასული 30-მდე სტუდენტი განათლებას სწორედ ლიტვის ამ ყველაზე ძველ და დიდ უნივერსიტეტში იღებს.”აქ სწავლა ძალიან მომწონს. შეღავათიანი პირობებია ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალი ფასებია, რომელიც ხელმისაწვდომია საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვისაც. უნივერსიტეტში ყველა პირობას გიქმნიან, მიიღო კარგი განათლება, ლექტორები აქ ორიენტირებული არიან სტუდენტებზე. სწავლის დასრულების შემდეგ კი გეძლევა საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი. გვინდა, რომ მსგავი ხარისხის სწავლება საქართველოშიც დაინერგოს”, - ამბობს ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტი ხათუნა გუჯაბიძე.

ვილნიუსის უნივერსიტეტში უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის ბაკალავრიატზე სწავლება წელიწადში 1500 ევროდან იწყება, მაგისტრატურის ღირებულება კი 3 ათასი ევროდან.

ISM - მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი

ლიტვის საუკეთესო კერძო უნივერსიტეტში, რომელიც ევროპის ტოპ ბიზნეს-სკოლების რეიტინგშია, სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზეა. 15 წლის წინ, ნორვეგიის BI ბიზნეს სკოლის მიერ დაარსებულ ISM-ში ყველა პირობაა იმისთვის, რომ მომავალმა მენეჯერებმა, ბიზნესმენებმა, მარკეტოლოგებმა, ფინანსისტებმა, ეკონომისტებმა მაღალი ხარისხის განათლება ინგლისურ ენაზე მიიღონ. “თავიდანვე ვიყავით ორიენტირებული ხარისხზე, რადგან ხარისხზე ფოკუსირებას ყოველთვის კარგი შედეგები მოაქვს. ამიტომ პირველ რიგში ამან მოგვიტანა პოპულარობა. ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ინგლისში, ნორვეგიაში და სხვა ბევრ ქვეყანაში, ასევე გაცვლითი კურსების საშუალებით მოხვდნენ ჩვენს ასამდე პარტნიორ უნივერსიტეტებში“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი ალფრედას ჩმიელიაუსკასი.

ნორვეგიული კაპიტალით დაარსებული უნივერსიტეტი სტუდენტებს უნიკალურ საშუალებას აძლევს, მიიღონ ნორვეგიის ბიზნეს სკოლის, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის უნივერსიტეტებისა და ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ორმაგი დიპლომები. ISM-ის ქართველი სტუდენტის როსტომ ბერიტაშვილის თქმით, თავის დროზე ამ უნივერსიტეტზე არჩევანი იმიტომ შეაჩერა, რომ აქ შეუძლია ევროპის ან აშშ-ის უნივერსიტეტის დიპლომი მიიღოს. ”გარდა ამისა, ლექტორთა უმეტესობა აქ სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან მოწვეული, ხშირად ჩამოდიან საქვეყნოდ ცნობილი ტრენერები. ვფიქრობ, საქართველოში კიდევ კარგა ხანს ვერ იქნება სწავლის ასეთი ხარისხი. ლიტვაში სწავლების ფასი ყველაზე რეალურია იმ ფასთან შედარებით, რომელსაც იხდი იმ ცოდნაში, რაც შეიძლება ევროპაში მიიღო“, - ამბობს როსტომი.

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი

სტუდენტთა რაოდენობის მხრივ ლიტვის რიგით მეორე უნივერსიტეტში, რომელშიც ყველაზე მეტი ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას, სწავლება ინგლისურ ენაზეა. დიდი ბრიტანეთის მიდელსექსის უნივერსიტეტთან ერთად, მიკოლას რომერისის უნივერსიტეტში მოქმედებს ბიზნეს და მედია სკოლა, ასევე რვა ინტეგრირებული პროგრამა, რომელთა დამთავრების შემდეგ ორივე უნივერსიტეტის დიპლომი გაიცემა. აქ ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტებისთვის - ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის თანამედროვედ მოწყობილი ბიბლიოთეკით, სადაც სპეციალური კუთხე აქვთ მოწყობილი სტუდენტების შვილებისთვის. უცხო ქვეყნის სტუდენტებს კი უნივერსიტეტის სიახლოვეს მდებარე საერთო საცხოვრებელში შეუძლიათ იცხოვრონ, სადაც ორკაციან ნომერში ცხოვრება 60 ევრო ღირს.

”არჩევანი ამ უნივერსიტეტზე იმიტომ შევაჩერე, რომ ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებს გამოცდების გარეშე ჩაბარება შეუძლიათ - საჭიროა მხოლოდ ატესტატი, სკოლის ქულები და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ძალიან მომწონს ლექციების ჩატარების აქაური მეთოდი და ლექტორების სტუდენტებისადმი მიდგომა. აღარაფერს ვამბობ ინფრასტრუქტურაზე - აქ ყველაფერია იმისთვის, რომ კარგად ისწავლო”, - ამბობს მიკოლას რომერის ქართველი სტუდენტი დიმიტრი სანაია.

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი

ლიტვის აკადემიურ ქალაქში განთავსებული ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი მსოფლიოს ტოპ 700 უნივერსიტეტის რეიტინგშია. უნივერსიტეტი, რომელშიც 10 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, ცნობილია განათლების ლიბერალური სისტემით. უნივერსიტეტის სტუდენტებს ათი ფაკულტეტის რამდენიმე ათეული პროგრამის არჩევის შესაძლებლობა აქვთ. სწავლის დასრულების შემდეგ, ბევრი ლიტვური უნივერსიტეტის მსგავსად, აქაც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის დიპლომი გაიცემა. უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს ორი ფრანშიზული პროგრამა - მუსიკის წარმოებისა და მოდის დიზაინი. მომავალ დიზაინერებს თანამედროვედ აღჭურვილ სტუდიოებში შეუძლიათ დაეუფლონ დიზაინერის პროფესიას.

”ჩვენი უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც მოაზროვნეების საყვარელი ადგილი. სწორედ ამიტომ, გასაბჭოების მერე მოსკოვმა დახურა და მისი აღდგენა მხოლოდ დამოუკიდებლობის შემდეგ მოვახდინეთ”, - განაცხადა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა აუქსე ბალჩუტიენემ. ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში სწავლის გადაწყვეტილებას არ ნანობენ აქაური ქართველი სტუდენტები რეზო ჯანაშია და ნიკა სხირტლაძე.

”ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში რამდენიმე წლის წინ გაცვლითი პროგრამით მოვხვდი. თუმცა, იმდენად მომეწონა აქაურობა, რომ დავბრუნდი და მაგისტრატურაზე სწავლა აქ გავაგრძელე. ძალიან თბილი და მეგობრულად განწყობილი ქვეყანაა. აქ დაგროვილი ემოციები არასდროს დამავიწყდება”, - ამბობს ქართველი სტუდენტი რეზო ჯანაშია.

გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტები

ვილნიუსისა და კაუნასის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტებში, რომელსაც აქ კოლეგიებს ეძახიან, სტუდენტები პროფესიულ სწავლებას გადიან. ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებებში მხოლოდ ბაკალავრები სწავლობენ და სწავლება სამი წლის განმავლობაში გრძელდება. ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის წარმომადგენელთა თქმით, კოლეგიის კურსამდათავრებულთა 90%, რომლებიც აქ ტურიზმის, ბიზნესის, ელექტრონიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტზე გადიან სწავლებს, მაშინვე საქმდება. ”ჩვენი უნივერსიტეტი სწავლებისადმი ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. გვაქვს პრაქტიკები საწარმოებში. კომპიუტერული ცენტრები. გვინდა ვიყოთ ერთგვარი ხიდი, საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის”, - აცხადებს ვილნიუსის გამოყენებითი უნივერსიტეტის ელექტრონიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანი რომანას ტუმასონისი.

რაც შეეხება კაუნასის კოლეგიას, ის სრულიად ახალ, თანამედროვე მოდერნიზებულ შენობაშია განთავსებულია. კოლეგიაში 45 პროგრამაა, დაწყებული ბიომედიცინიდან და ტექნოლოგიიდან, დამთავრებული ჰუმანიტარული და ხელოვნების პროგრამით. შენობაში ულტრათანამედროვე ტიპის აუდიტორიები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა მოქმედებს.

”ორი წლის წინ საქართველოს განათლების სამინისტროს შევთავაზეთ ერთი სტუდენტის სრული დაფინანსება და ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა ნებისმიერ ფაკულტეტზე. თუმცა სამწუხაროდ არავინ გამოგვეხმაურა, ჩვენი შეთავაზება ძალაშია - გვინდა ქართველებმაც ისწავლონ ჩვენთან”, - აღნიშნავს კაუნასის გამოყენებითი უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნიოლე ზინკევიჩინე.

ლიტვის გაცვლითი განათლების მხარდამჭერი ფონდის დირექტორის დაივა შუტინუტეს თქმით, მიმდინარე წლიდან ერასმუს პლასის პროგრამის ფარგლებში ლიტვურმა ფონდმა თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთანაც.

”საქართველო ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა ჩვენთვის. ერასმუს პლასის პროგრამა ასევე გათვლილია ლექტორებსა და საშუალო სკოლებზეც. ლიტვაში სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც სწავლების მთლიან კურსს გადიან, იმავე შესაძლებლობებით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივი სტუდენტები - შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ერასმუსის პროგრამაში, გაატარონ ერთი სემესტრი საზღვარგარეთ. ლიტვის მთავარობა ფარავს იმ უცხოელი სტუდენტის სწავლის გადასახადს, ვინც ლიტვურად ისწავლის”, - აღნიშნავს დაივა შუტინუტე.

ასეთთა შორის არის ქართველი სტუდენტი გიორგი კობახიძე, რომელიც ლიტვის პედაგოგიურ ინსტიტუტში საგანმანათლებლო მენეჯმენტზე ლიტვურად სწავლობს და სწავლებას სრულად უფინანსებს ლიტვური მხარე.

”ლიტვაში ყოველწლიურად იზრდება გაცვლითი პროგრამებით ჩამოსული ქართველი სტუდენტების რიცხვი და უმაღლეს სასწავლებლებს შორის დამყარებული ურთიერთობა. ასევე ძალიან დიდი პოტენციალია იმისთვის, რომ მოხდეს უფრო მეტი გაღრმავება არა მხოლოდ სასწავლო პროგრამების, არამედ კვლევითი პროგრამებისთვის, რადგან სააქრთველოს უმაღლესი განათლების რეფორმირებისთვის აუცილებელია ორი ინტეგრირებული მიმართულება - სწავლება და კვლევა ერთნაირად იყოს გაღრმავებული”, - აღნიშნავს ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე.

ასე რომ, ლიტვა შესაფერისი ადგილია ცოდნის მისაღებად იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ისწავლოს ძლიერი საგანმანათლებლო ტრადიციების, მაღალი ხარისხის განათლების ქვეყანაში, რომელსაც მთელ მსოფლიოში ცნობილი კვლევითი დაწესებულებები აქვს.

მარი ჯავახიშვილი