Euroclear-მა გაყინული რუსული აქტივებიდან 110 მლნ ევრო მიიღო

კომპანია Euroclear, რომელიც ერთ-ერთი საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარია, აცხადებს, რომ გაყინული რუსული აქტივების შედეგად 110 მლნ ევრო გამოიმუშავა. აღნიშნულის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშში წერია.

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ამოქმედებულმა სანქციებმა შედეგად მოიტანეს ის, რომ Euroclear-ის ბალანსზე გაიზარდა თანხა, რომელიც გამოიწვია დაბლოკილი საკუპონე მომსახურებიდან მისაღებმა სახსრებმა, რაც ფასიანი ქაღალდების მომსახურებისთვის იყო განკუთვნილი.

„Euroclear-ის სტანდარტული პროცესის შესაბამისად ფულადი სახსრების ინვესტირება ხდება საპროცენტო შემოსავლის მისაღებად. წლის პირველ ნახევარში გაყინული აქტივებიდან საპროცენტო შემოსავლებმა შეადგინა 110 მლნ ევრო“, - წერია ანგარიშში.

წლიურ გამოხატულებაში კი Euroclear-ის ბალანსი გაიზარდა 72 მლრდ ევროთი. კომპანიის ოპერაციული შემოსავლები გაიზარდა 24%-ით 998 მილიონ ევრომდე. ძირითადი საქმიანობისგან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 7%-ით 807 მლნ ევრომდე. ამასთან, 11%-ით 892 მლნ ევრომდე გაიზარდა კორექტირებული ოპერაციული შემოსავლები, ხოლო კორექტირებული საპროცენტო შემოსავლები გაიზარდა 53%-ით 81 მლნ ევრომდე.

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთის ეროვნულ დეპოზიტარს სანქციები ივნისში დაუწესა, მის მიმართ შეზღუდვები ჯერ კიდევ თებერვლიდან აქვთ დაწესებული საერთაშორისო დეპოზიტარებს Euroclear და Clearstream, რამაც რუსული აქტივების გაყინვა გამოიწვია.

კოკა კვირკველია