ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი ეთანოლის მწარმოებელი ქარხანა იხსნება

კომპანია Shaanxi Yanchang Petroleum Group სექტემბერში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ქვანახშირისგან ეთანოლის მწარმოებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ჩინური გაზეთი China Daily წერს.

გამოცემის ცნობით, ქარხნის სიმძლავრე იქნება წლიურად 500 ათასი ტონა ეთანოლის წარმოება. მოსალოდნელია, რომ იქ წლიურად 1,5 მლნ ტონა ქვანახშირს გადაამუშავებენ. შედეგად კი ჩინეთი შეძლებს ანალოგიური მოცულობის მარცვლეულის დაზოგვას, რა გზითაც ტრადიციულად იწარმოებოდა აქამდე ეთანოლი.

„ამ ქიმიურ პროდუქტს აქვს საკვანძო სტრატეგიული მნიშვნელობა, ვინაიდან ის ფართოდ გამოიყენება ისეთ სფეროებში როგორიცაა ენერგეტიკა და ჯანდაცვა, ასევე ჩვენს ყოველდღიურობაში. რაც ჩვენ ბევრი გვაქვს, ეს არის ქვანახშირი, მისი ეფექტურად გადამუშავებით კი მივიღებთ ეთანოლს, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავზოგოთ ენერგია და გავამყაროთ სასურსათო უსაფრთხოება“, - განაცხადა დალიანის ინსტიტუტის დირექტორმა ლიუ ჩჟუმინმა.

გაზეთი წერს, რომ მსოფლიოში ეთანოლის 66%-ს ურევენ ბენზინში, საბოლოო ჯამში კი წარმოიქმნება ბიოსაწვავი, რომელიც ამცირებს მავნე ემისიებს ატმოსფეროში. ჩინეთის აღნიშნული ქარხანა კი არ იქნება ერთადერთი ასეთი საწარმო ქვეყნის მასშტაბით, ვინაიდან ჩინეთში უკვე დაწყებულია რამდენიმე ანალოგიური პროექტი, რომლებიც 2025 წლისთვის შეძლებენ წლიურად 4 მლნ ტონა ეთანოლის წარმოებას, რომელთა ჯამური ღირებულება 3,7 მლრდ დოლარი იქნება.

კოკა კვირკველია