ფრანგული პროკურატურა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების ქონების წარმომავლობას იძიებს

საფრანგეთის ეროვნული ფინანსური პროკურატურა (PNF) „ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების“ მიერ ქვეყანაში შეძენილ ქონებაზე წინასწარ გამოძიებას აწარმოებს. ინფორმაციას Le Parisien ავრცელებს, თუმცა გამოცემა ინფორმაციის წყაროს და ამ ოლიგარქების ვინაობას არ აკონკრეტებს.

ამასთან, გაზეთი წერს, რომ მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას PNF ადასტურებს. გამოძიების დაწყებაზე ინფორმაცია, ასევე, ტელეკომპანია TF1-მა და გაზეთმა, Le Figaro-მ თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

Le Parisien-ის ცნობით, საუბარია ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების, ასევე, კორუფციის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და დამამძიმებელი გარემოებებით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეებზე. TF1-ის ცნობით, PNF-მა 1-ლი ივლისიდან გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ (Transparency International) რუსი ბიზნესმენების სიმდიდრის წარმომავლობის შესახებ მაისში საკუთარი გამოძიების შედეგები გაასაჯაროვა და ორგანიზაციის ფრანგულმა ოფისმა უწყებაში საჩივარი შეიტანა. ამის შემდეგ გაზეთი Le Monde წერდა, რომ ორგანიზაციამ საფრანგეთში ოლიგარქების უძრავ ქონებაზე გაამახვილა ყურადღება და ფულის გათეთრების, რესურსების არაგონივრული ხარჯვის, საქონლის ქურდობისა და ამ დანაშაულებში მათი თანამონაწილეობის შემთხვევები გამოამზეურა.

საფრანგეთი, როგორც წევრი ქვეყანა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ყველა სანქციას შეუერთდა. Le Figaro-ს ცნობით, აპრილის ბოლოსთვის საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რუსების 23,7 მლრდ ევროს ღირებულების აქტივები გაყინა. ასევე, აპრილში დაიბლოკა მილიარდერ რომან აბრამოვიჩის ვილა ფრანგულ რივიერა Côte d'Azur-ზე. მთავრობამ დააყადაღა მილიარდერ ოლეგ დერიპასკას, ასევე, ბიზნესმენების, მუსა ბაჟაევისა და კირილ შამალოვის სახლებიც. Forbes 2021-ის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგში კირილ შამალოვს 0,8 მლრდ დოლარის ქონებით 151-ე ადგილი ეკავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ