მუჰამედ ალის მსოფლიო ჩემპიონის ქამარი აუქციონზე 6,18 მლნ დოლარად გაიყიდა

მოკრივე მუჰამედ ალის მსოფლიო ჩემპიონის ქამარი, რომელიც მან 1974 წელს, ჯორჯ ფორმანის წინააღმდეგ მძიმე წონის ტიტულისთვის ბრძოლაში მოიპოვა, აუქციონზე 6,18 მლნ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

Heritage Auctions-ის სახლის აუქციონი 24 ივლისს, დალასში გაიმართა. ჩემპიონის ქამარი ამერიკელმა მილიარდერმა, საფეხბურთო გუნდ Indianapolis Colts-ის მფლობელმა, ჯიმ ირსეიმ შეიძინა. Forbes USA-ს მისი ქონება 3,5 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული. ირსეიმ Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ ლოტი მისი ნივთების ვრცელ კოლექციას, Irsay Collection-ს დაემატა, რომელიც ამერიკის ისტორიას, მუსიკალურ ინდუსტრიასა და პოპკულტურას უკავშირდება.

ადრე ჯიმ ირსეიმ თავისი კოლექციისთვის 1969 წელს გამოშვებული, Fender Mustang-ის ლურჯი გიტარა 4,5 მლნ დოლარად შეიძინა, რომელიც ამერიკულ ჯგუფ „ნირვანას“ ვოკალისტს, კურტ კობეინს ეკუთვნოდა. ამ ლოტის შესაძენად, რომელიც აუქციონის ორგანიზატორებმა თავიდან 600 000 დოლარად შეაფასეს, კოლექციონერები მთელი მსოფლიოდან იბრძოდნენ. ისინი აუქციონში ტელეფონითა და ონლაინ რეჟიმით მონაწილეობდნენ.

1974 წლის 30 ოქტომბერს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ კინშასში, მუჰამედ ალისა და ჯორჯ ფორმანს შორის გამართულ კრივის მატჩს ხშირად „ჯუნგლებში ჭექა-ქუხილს“ უწოდებენ. სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა ტროპიკულ წვიმასა და მაღალი ტენიანობის დროს გაიმართა. ბრძოლა მე-8 რაუნდში მუჰამედ ალის გამარჯვებით დასრულდა. ამ ბრძოლის შესახებ ლეონ გასტის დოკუმენტურმა ფილმმა, „When We Were Kings," 1996 წელს ოსკარი მოიპოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ