როგორ გახდა რუსეთი საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის

„პირველი 6 თვის განმავლობაში, ყველაზე დიდი შემომტანი, ამასთან, ყველაზე დიდი მომწოდებელი ქვეყანა გახლავთ რუსეთის ფედერაცია“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, წლის დასაწყისიდან, ომის დაწყებამდე, რუსეთი საქართველოსთვის, საწვავის მომწოდებლებს შორის, მეოთხე პოზიციას იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ომმა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირება გამოიწვია, რუსეთი გახდა იაფი საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელი.

„პირველი 6 თვის განმავლობაში, ყველაზე დიდი შემომტანი და ამასთან, ყველაზე დიდი მომწოდებელი ქვეყანა გახლავთ რუსეთის ფედერაცია. შემდგომ მოდის რუმინეთი, ბულგარეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი.

ახლა, რაც შეეხება მოცემულობას, თუ როგორ გახდა რუსეთის ფედერაცია ყველაზე დიდი მომწოდებელი. წლის დასაწყისიდან, ომის დაწყებამდე, რუსეთი ამ ჩამონათვალში იყო მეოთხე პოზიციაზე. თუმცა, ომის დაწყების შემდგომ, მკვეთრად იზრდება საწვავის საერთაშორისო ფასები, ისტორიულად, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება და სწორედ ამ პერიოდში, დგება მომენტი, როდესაც ჩვენს კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, რუსეთის ფედერაციიდან (აქ მინდა დავაკონკრეტო, ეს არის 91-92 ოქტანის ე.წ რეგულარის ტიპის საწვავი) ფიქსირებულ ფასად მიიღონ საწვავი. უფრო კარგად რომ აგიხსნათ, ერთი ტონა რუსული პროდუქციის მოტანა პირობითად, გარდაბნამდე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე, ჯდება დაახლოებით, 900 დოლარი, როდესაც იგივე საერთაშორისო ფასების მიხედვით, 1400-1400 დოლარი იყო. ანუ, საერთაშორისო ფასთან მიმართებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შემოდიოდა პროდუქტი. აქვე მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ამ პროდუქტის ფასი საცალო ქსელში (ეს არის ევრო 5-ის ტიპის შესაბამისი საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი), იწყება 3 ლარიდან, 3,20 ლარამდე. ანუ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა ის, რომ რუსეთიდან დიდი მოცულობით შემოვიდა პროდუქტი და ის წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდა, არის ის, რომ მისი ფასი იყო დაბალი, ხარისხი მაღალი. ამასთან, ეს უკავშირდება კონკრეტულად ამ ტიპის საწვავის შემოტანას, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციიდან დიზელის საწვავი შემოდის, მაგრამ არა დიდი მოცულობით. ასევე, პრემიუმი და სუპერის კატეგორიის საწვავის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი წილი არ უკავია რუსეთს“,- განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს სანქცირებული საწვავი, ვანო მთვრალაშვილმა უპასუხა: „რუსეთში არსებობს სახელმწიფო კომპანიებიც, რომლებიც სანქცირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუმცა, ამის გარდა, არსებობს კერძო, საკმაოდ დიდი კომპანიები, რომლებიც ამ სანქციების მიღმა არიან. ეს არის ობიექტური და რეალური მოცემულობა. აქვე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსული პროდუქციის ექსპორტზე, ის ევროკავშირის ქვეყნებში ჩვეულებრივ იყიდება. უბრალოდ, ის კომპანიები, რომლებიც სანქცირებულია, მათთვის გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სხვა შემთხვევაში თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვეს რუსულ გაზზე, რუსულ ნავთობზე?! აი, უარს როცა იტყვიან, ჩვენ ვნახავთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დადგება არამარტო ევროკავშირი“.

ნინი ქეთელაური