5 ფაქტორი, რატომ არ იაფდება პროდუქტი ლარის გამყარების პარალელურად - ეკონომისტი

ბოლო 2 თვეა ლარი მყარდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ინფლაციას კვლავ მზარდი ტენდენცია ახასიათებს.

რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია, 5 ძირითად მიზეზზე საუბრობს, რატომ არ იკლებს ფასები, ლარის გამყარების პარალელურად.

,,როცა ლარი მყარდება მყისიერად, რატომ არ ხდება პროდუქციაზე ფასების შემცირება, ამისთვის 5 ძირითადი მიზეზი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. პირველი - ეს არის უკვე შეძენილი მარაგები, რომელიც იმპორტიორებს ძვირად აქვთ ნაყიდი. ასევე, გასათვალისწინებელია კონტრაქტები და ვალდებულებები. ესეც შეგვიძლია შემზღუდავ ფაქტორად მივიჩნიოთ.

მეორე ფაქტორია ის, რომ ყველანი, მათ შორის იმპორტიორებიც მომხმარებლები ვართ და შუალედური თუ სხვა მოხმარების პროდუქტი მათაც უძვირდებათ და ამ ხარჯების დაკომპენსირებას პროდუქტის გაძვირებით ცდილობენ.

მესამე - ეს არის არასტაბილური გარემო. იქნება ეს, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ბიზნეს მიმართულებით. სუბიექტებს ასეთ დროს, გაურკვეველი მოლოდინი აქვთ, რა იქნება ხვალ. ანუ, ნეგატიური მოლოდინები ახდენს გავლენას.

მეოთხე - კონკურენციის დონეა. კონკრეტული ჯგუფების მიხედვით რამდენად დიდია კონკურენცია. რაც უფრო არაკონკურენტული, მონოპოლიური, ან ოლიგიპოლიურია გარემო, მით უფრო ნაკლებად ხდება რეაგირება ფასებზე.

და მეხუთე - რამდენად ელასტიური, ან არაელასტიურია პროდუქტი. ვგულისხმობ იმას, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები, სურსათისა და მედიკამენტების ჯგუფი, როგორც უნდა გაძვირდეს, ყიდვა მაინც გვიწევს. ამიტომ, როცა ბიზნესი ფასს ზრდის, მომხმარებელი მაინც ჰყავს ამ კონკრეტულ პროდუქტებს. ესაა ის 5 ფაქტორი, რატომ არ იაფდება პროდუქტი ლარის გამყარების პარალელურად“, - ამბობს მაკალათია ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი