”უკრაინაში ინფლაციამ 272%-ს მიაღწია”

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ინფლაციამ 28,5% შეადგინა, თუმცა მისი რეალური დონე 272%-ია. ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორ სტივ განკზე დაყრდნობით წერს.

"ყველგან და ყოველთვის ჰიპერინფლაცია პოლიტიკური ფენომენია. როგორც წესი, ამას ადგილი ომებისა და რევოლუციების შემდეგ აქვს, როდესაც ხელისფლება იძულებულია დაბეჭდოს საჭირო ფული, რადგან გადასახადებით შემოსავალი აღარ არის. სწორედ ეს მოხდა უკრაინაშიც", - წერს სტატიის ავტორი მეტ ობრაიენი.

მისივე თქმით, 1991 წელთან შედარებით, უკრაინის ეკონომიკა შემცირდა, რადგან უკრაინაში კომუნიზმი არ დაშლილა.

"უბრალოდ პარტიული ბოსების შემცვლელებად, ოლიგარქები მივიდნენ, კორუფცია და არაეფექტურობა კი იგივე დარჩა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით კი ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ქვეყნის მშპ-ის 50%-ს შეადგენს", - წერს "ვაშინგტონ პოსტი".

სტატიის ავტორის თქმით, კარგი ამბები უკრაინისთვის მხოლოდ ის არის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტმა უნდა დაასტაბილუროს უკრაინის ეკონომიკა და მასთან ერთად ინფლაცია. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი უკრაინას ქამრების მოჭერა მოუწევს.