"რუსთავის ფოლადის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: მეტალურგიული ქარხანა დახურვის საფრთხის წინაშეა

შპს "რუსთავის ფოლადის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნუგზარ კაჩუხაშვილის ინფორმაციით, სასამართლო აკრძალვის გამო, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დახურვის საფრთხის წინაშე დგას.

ამასთან დაკავშირებით ნუგზარ კაჩუხაშვილმა და შპს "რუსთავის ფოლადის" ადვოკატმა გოჩა გოგიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათი ინფორმაციით, 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებით, "რუსთავის ფოლადს" აეკრძალა ათეულობით მილიონის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონებისა და წიდასაყარის გამოყენება.

ნუგზარ კაჩუხაშვილის ცნობით, "რუსთავის ფოლადი" იძულებული შეიქმნა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 360 ადამიანი უვადო, აუნაზღაურებელ შვებულებაში გაეშვა. როგორც დღეს პრესკონფერენციაზე განმარტეს, მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად ეთერ მთვრალაშვილის მოთხოვნა დაასახელა, რომელსაც 2019 წელს სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადისგან" მისაღები აქვს 4 553 ლარი და 48 თეთრი. კაჩუხაშვილის განმარტებით, ამავე მოტივით მოსამართლე ქოჩიაშვილმა ბათილად ცნო შპს "რუსთავის ფოლადის" მიერ სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადისგან" მეტალურგიული ქარხნის შეძენის ხელშეკრულებები.

"მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის მიერ ბათილად ცნობილი ხელშეკრულების კანონიერება ერთხელ უკვე დადგენილია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ორი გადაწყვეტილებით. საგულისხმოა, რომ მაშინაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებები შპს "რუსთავის ფოლადის" წინააღმდეგ უსაფუძვლობის გამო. ფაქტიურად, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქოჩიაშვილი თავისი გადაწყვეტილებებით უზენაესი სასამართლოს კოლეგიას უპირისპირდება და უზენაესი სასამართლოს მიერ კანონიერად აღიარებულ ხელშეკრულებებს ხელმეორედ ბათილად აცხადებს. ამავდროულად, 4 553 ლარსა და 48 თეთრის საკრედიტო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, კრძალავს მთელი უძრავ-მოძრავი ქონების გამოყენება-განკარგვას და ამით ფაქტიურად აჩერებს ქარხნის მუშაობას", - განაცხადა ნუგზარ კაჩუხაშვილმა.

მისივე განმარტებით, მოსამართლე ქოჩიაშვილმა უარი თქვა მათ შუამდგომლობაზე, რომელიც მოთხოვნილი საკრედიტო ვალდებულებების მოცულობის თანხის სასამართლოს ანგარიშზე დეპონირებას ითვალისწინებდა ქარხნის მუშაობისთვის აუცილებელ აქტივებზე შეზღუდვების ნაცვლად.  როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა გოჩა გოგიშვილმა განმარტა, მოსარჩელე ეთერ მთვრალაშვილი სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადის" ბუღალტერი იყო. მისივე განმარტებით, სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადი" ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია. "ქართული ფოლადისგან" კი "რუსთავის ფოლადმა" მეტალურგიული ქარხნის აქტივები შეისყიდა. ადვოკატის განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესში "ქართულ ფოლადს" ჰყავს კრედიტორები და ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება გააჩნია.

ადვოკატის განმარტებით, ეთერ მთვრალაშვილმა სარჩელი ჰიპოთეტური მოსაზრების გამო შეიტანა, რომლის თანახმადაც 2019 წელს "ქართული ფოლადი" მას თანხას ვერ გადაუხდიდა. "სარჩელი მიეკუთვნება ისეთ კატეგორიას, როდესაც მიზანშეწონილობა არ იყო, რომ სასამართლოს შეზღუდვები დაეწესებინა", - განაცხადა გოჩა გოგიშვილმა. მისივე ინფორმაციით, შპს "რუსთავის ფოლადმა" გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.