თურქეთი მიწისქვეშა გაზსაცავებს აფართოებს

გაფართოების პროექტი სილივრის მიწისქვეშა საცავს ევროპაში ბუნებრივი აირის უმსხვილეს საცავად გადააქცევს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რასაც სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სილივრის მიწისქვეშა საცავი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და მას სახელმწიფო კომპანია, BOTAŞ მართავს. ტერიტორიის დათვალიერების დროს დონმეზმა ხაზი გაუსვა, რომ საცავის სიმძლავრის გაზრდა თურქეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ამჟამად სილივრის საცავს 3,2 მილიარდი კუბურ მეტრ გაზის აკუმულირება შეუძლია, თუმცა მალე ეს მაჩვენებელი 4,6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ასევე, დღიური მიწოდება 28 მილიონი კუბური მეტრიდან 75 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სილივრის გარდა, ტევადობის გაფართოებაზე სამუშაოები ტუზ-გელიუს მიწისქვეშა საცავზეც მიმდინარეობს. ამჟამად მისი მოცულობა 1,2 მილიარდი კუბური მეტრია, რაც 1,5-2 წელიწადში 5,4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, ორივე ობიექტი ექსპლუატაციაშია. ტუზ-გელიუს საცავი მთლიანად, ხოლო სილივრის გაზსაცავი 82%-ით არის სავსე. დარჩენილი მოცულობა სექტემბრის ბოლომდე შეივსება. მინისტრი პირობას დებს, რომ ზამთრის დაწყებამდე გაზით ყველა საცავი გაივსება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ