მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და ინვესტორმა კომპანია შპს "აპოლომ" თბილისში, მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ განაცხადა, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. კონკურსი ღიაა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. "იმის გამო, რომ მირზა შაფის ქუჩა ძველი თბილისის ნაწილია, მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. ბოლო წლების განმავლობაში თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქუჩის განვითარების არაერთი კონცეფცია წარედგინა, თუმცა, არც ერთი მოცემულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. არქიტექტურის სამსახურისა და ინვესტორი კომპანიის რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის 23 თებერვალს გაფორმდა მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის კონკურსის გზით შერჩევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "აპოლო გ.ს."-ს წარმომადგენლები", - განაცხადა ღოღობერიძემ.

მისივე თქმით, მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არქიტექტორთა ასოციაციის, "ტფილისის ჰამქრისა" და შპს "აპოლო გ.ს."-ს წარმომადგენლები, აგრეთვე ცნობილი არქიტექტორები და ურბანისტები. კომისიამ შეიმუშავა პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტედენტები.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომისიამ გადაწყვიტა, მოაწყოს ნამუშევრების საჯარო გამოფენა, რათა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაეცნონ წარმოდგენილ ნამუშევრებს და საკონკურსო კომისიას წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები. საკონკურსო ნამუშევრების საჯაროდ გამოფენა და მათი საკონკურსო კომისიის სხდომებზე განხილვა იწარმოებს ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ხოლო კონკურსში მონაწილე ესკიზური პროექტების ავტორების ვინაობა ცნობილი მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ გახდება", - განაცხადა ღოღობერიძემ.

მისივე თქმით, კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 საუკეთესო ესკიზური პროექტი. I, II და III ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ჯილდოს სახით 20000, 7000 და 3000 აშშ დოლარი გადაეცემა და თანხას ინვესტორი კომპანია გამოყოფს. ესკიზური პროექტების მიღება კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. გამარჯვებული სამი კომპანიიდან თუ რომელი განახორციელებს სამუშაოებს, ამას უშუალოდ ინვესტორი კომპანია აირჩევს.

ღოღობერიძის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა განთავსდება და რა კონცეფციით მოხდება მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაცია, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ამ ქუჩაზე სასტუმრო "კემპინსკი" აშენდება.