თეა წულუკიანის ინფორმაციით, ქონებაჩამორთმეულ პირთა საჩივრების კატეგორიზაცია უკვე მომხდარია

ქონებაჩამორთმეულ პირთა საჩივრების კატეგორიზაცია უკვე მომხდარია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურა მიმდინარე კვირას გამართავს ღონისძიებას, რომელზეც ''დახარისხებული საჩივრების” შესახებ ისაუბრებს. "იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან პროკურატურაში და არა მხოლოდ პროკურატურაში შემოსული საჩივრების სისტემატიზაცია, აღრიცხვა, კატეგორიების მიხედვით დახარისხება და შემდეგ მათი შესწავლა მოხდეს, არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური ნება და სხვაგვარად ვერც იქნება, რადგან 2012 წლის ოქტომბრამდე ძალიან ბევრ ადამიანს ჩამოართვეს ქონება, ძალიან ბევრი ადამიანი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული. თქვენ გახსოვთ, რომ ამაზე მეც ძალიან ბევრს ვმუშაობდი - სხვა მოდელი მქონდა შემუშავებული, რომელიც მაშინ ვერ იქნა გაზიარებული, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ეს მოხდეს, თუმცა მოხდეს სხვა ფორმით და ეს ფორმა არის პროკურატურის ორგანოებში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში, ამ კვირაში გამართავს სპეციალურ ღონისძიებას და იმ დახარისხებული საჩივრების, მათი რაობის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებს. საჩივრები რამდენიმე ათასობითაა, თუმცა კატეგორიზაცია მომხდარია და პროკურატურამ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მართლაც შთამბეჭდავი სამუშაო ჩაატარა", - განაცხადა წულუკიანმა.