რატომ ღირს დიზელი ბენზინზე ძვირი საქართველოში

დღეს მძღოლების მთავარი პრობლემა რეგულარის ტიპის საწვავზე გაზრდილი ფასები და ავზების შესავსებად მომატებული ხარჯებია. ბენზინის გარდა ბენზინგასამართი სადგურების ფასების ტაბლოზე დიზელის ფასმაც მკვეთრად მოიმატა.

Globalpetrolprices-ის მონაცემებით, 161 ქვეყნიდან, 84%-ში ბენზინი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე დიზელი. საშუალოდ, დიზელი 9.84%-ით იაფია, თუმცა ფასები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

საქართველოში, სადაც ფასები კვლავ რეკორდულად მაღალ ნიშნულზე რჩება, ბრენდირებულ სადგურებზე ევრო რეგულარისა და ევრო დიზელის ფასებს შორის სხვაობა, დაახლოებით, 1 ლარს შეადგენს.

პოსტკოვიდურ პერიოდში ენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ და შემდეგ უკვე რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წამოწყებამ ნავთობის გლობალური მიწოდება შეაფერხა და ფასებიც აწია, თუმცა ამ ფაქტორებამდეც საქართველოში დიზელი ბენზინზე ძვირი ღირდა, ახლა კი სხვაობა განსაკუთრებითაა გაზრდილი.

მსოფლიოში დიზელისა და ბენზინის ფასებს შორის სხვაობის რამდენიმე მთავარი მიზეზია: გადამუშავების ხარჯები, საგადასახადო პრაქტიკა, მოთხოვნა და მიწოდება.

ბენზინიცა და დიზელიც ნედლი ნავთობისგან იწარმოება და მათი ფასების ერთ-ერთი მთავარი მდგენელი სწორედ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულებაა. გადამუშავების პროცესში ნედლი ნავთობი ორ კომპონენტად განცალკევდება და შემდეგ ეს კომპონენტები კონვერტირდება ბენზინად, დიზელად და სხვა პროდუქტებად.

გამომდინარე იქიდან, რომ დიზელი უფრო მძიმე და ნაკლებად ვოლატილურია ბენზინთან შედარებით, მისი გადამუშავება უფრო მარტივია. სწორედ ამიტომ, დიზელი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში უფრო იაფი ღირს. თუმცა, გოგირდის დაბალი შემცველობის დიზელის წარმოებაზე გადასვლის შემდეგ, ხარჯები გაიზარდა და მისი გადამუშავების პროცესი შეიცვალა, რაც ფასს მაღლა წევს.

ქვეყნებს განსხვავებული მიდგომა აქვთ საწვავის დაბეგვრასთან დაკავშირებით. ამერიკაში დიზელზე გადასახადი 6 ცენტით უფრო მაღალია, ვიდრე ბენზინზე, ევროპის ბევრ ქვეყანაში კი პირიქითაა. შესაბამისად, ამ კომპონენტში განსხვავებაც ფასზე დიდ გავლენას ახდენს.

ბენზინისგან განსხვავებით, დიზელს იყენებენ არა მხოლოდ ავტომობილებში, არამედ საჯარო ტრანსპორტში, სატვირთო მანქანებში, გემებში, თვითმფრინავებში და სხვა. ეკონომიკური ზრდის პერიოდში ინდუსტრიულ სექტორში ენერგიის მოხმარებაზე მოთხოვნა იზრდება, რაც დიზელზე ფასებს უფრო მეტად ზრდის, ვიდრე ბენზინზე. როდესაც პროდუქტის გაგზავნა ქვეყნისა თუ მსოფლიოს მასშტაბით ძვირდება, იმატებს იმ პროდუქტის ფასიც, რომელიც ამ სატრანსპორტო საშუალებებს გადააქვთ და ეს ინფლაციის მაჩვენებელზეც მოქმედებს.

კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ ნავთი, რომელსაც ადამიანები სახლების გასათბობად იყენებენ, იმავე კომპონენტებისგან მზადდება, რომლისგანაც დიზელი. ზამთარში ნავთზე მოთხოვნის ზრდას დიზელის ღირებულებაზეც აქვს გავლენა. შეიძლება ითქვას, ბენზინსა და დიზელს შორის ფასების სხვაობა გარკვეული სეზონურობითაც ხასიათდება.

საქართველოში საწვავი მთლიანად იმპორტით შემოდის და შესაბამისად, ფასის ცვლილებაც მთლიანად საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული. ადგილობრივ ბაზარზე ღირებულებას გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასები (Platss), ლარის კურსი, აქციზის და დამატებითი ღირებულების გადასახადები განსაზღვრავს.

„დიზელის ფასი კი არ არის მაღალი ბენზინთან მიმართებით, არამედ ბენზინის ფასია დაბალი დიზელთან მიმართებით“, - ასე განმარტავს კომპანია „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობაშვილი საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასებს შორის სხვაობას.

იაკობაშვილის თქმით, რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი ბენზინის ფასი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე დიზელისა.

„ბენზინის ძირითადი რაოდენობა ჩვენთან შემოდის რუსეთიდან. რუსეთში ბენზინიც და დიზელიც ფიქსირებულ ფასად იყიდება და არა საერთაშორისო ბაზრის მიხედვით, სადაც ბოლო დღეებამდე Platts-ი მაღალი იყო. რუსეთი კი, განსაკუთრებით ბენზინს ყიდდა არა საერთაშორისო ფასთან მიმართებაში და ფორმულის მიხედვით, არამედ ფიქსირებულ, დაბალ ფასად.

ჩვენ რომ შემოგვეტანა საერთაშორისო ფასის მიხედვით, ფასი ბენზინზე უფრო მაღალი იქნებოდა. გარდა ამისა, დიზელის შემოტანა შეიზღუდა როგორც რუსეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან, სადაც ქარხნის გადაიარაღება მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, დიზელზე მოთხოვნა რუსეთშიც მაღალია და გასაყიდი ფასი გაცილებით უფრო დიდი იყო ბენზინის ფასთან მიმართებაში - სხვაობა, დაახლოებით, 200-300 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება გადასახადებს, 1 ტონა დიზელზე აქციზის გადასახადი 400 ლარია, ბენზინზე კი 500 ლარი. თუმცა ერთი ტონა დიზელი 1,200 ლიტრამდეა, 1 ტონა ბენზინი კი 1350-1370 ლიტრი, შესაბამისად, აქციზის სხვაობა ფასწარმოქმნაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს“, - ამბობს ზაალ იაკობაშვილი.

ბენზინზე აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1 იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. დამატებითი ღირებულების გადასახადი საქართველოში 18%-ია.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის მთავარი შემომტანი წელს რუსეთი გახდა. 2021 წელს პირველ ადგილზე თურქმენეთი იყო, თუმცა მიმდინარე წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ნავთობიმპორტიორებს საქართველოში ფასდაკლებული რუსულ საწვავი შემოაქვთ. ტოპ 5 იმპორტიორ ქვეყანაში შედიან რუმინეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი და აზერბაიჯანიც.

კახი ჩაკვეტაძე