პირველად, 14 წლის განმავლობაში, „მაკდონალდსმა“ ჩიზბურგერი გააძვირა

პირველად, 14 წლის განმავლობაში, „მაკდონალდსის“ ჩიზბურგერი გაძვირდა. როგორც სწრაფი კვების რესტორნების ქსელი აცხადებს, დიდ ბრიტანეთში მათი პროდუქციის ფასი 10-დან 20 პენსით მოიმატებს. კონკრეტულად ჩიზბურგერი 99 პენსი ღირდა და 1,19 ფუნტი გახდა.

„მაკდონალდსის“ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალისტერ მაკროუმ მომხმარებლებთან გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ფასების შესახებ კომპანია "რთული არჩევანის" წინაშე დგას.

„გვესმის, რომ ფასების მატება არ არის კარგი ამბავი, მაგრამ ჩვენ გავაჭიანურეთ და შევამცირეთ ეს ცვლილებები რამდენადაც შეგვეძლო“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, „მაკდონალდსის“ ჩიზბურგერის ფასი ინფლაციის შესაბამისად რომ გაზრდილიყო, ახლა 1,42 ფუნტი ეღირებოდა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ რესტორანში ფასები განსხვავდება, რადგან მათ მართავენ ფრენჩაიზები, რომლებსაც შეუძლიათ ფასების დაწესება მაკდონალდსის რეკომენდაციების საფუძველზე.

სად ღირს ბიგ მაკი ყველაზე ძვირი?

The Economist 1986 წლიდან თვალ-ყურს ადევნებს ბიგ მაკის ღირებულებას მთელს მსოფლიოში. ივლისის მონაცემებით, ბრიტანეთი მე-14 ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყანაა იმ 54 ქვეყანას შორის, სადაც ბიგ მაკი იყიდება. აქ ის 3.69 ფუნტი (4.44 დოლარი) ღირს.

ხუთი ქვეყანა, სადაც ბიგ მაკი ყველაზე ძვირი ღირს:

  1. შვეიცარია - 6.71 დოლარი;
  2. ნორვეგია - 6.26 დოლარი;
  3. ურუგვაი - 6.08 დოლარი;
  4. შვედეთი - 5.59 დოლარი;
  5. კანადა - 5.25 დოლარი.
ეკა დარჩიაშვილი