პოლონეთმა უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაზე 5,5 მლრდ ევრო დახარჯა

პოლონეთის ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 3 თვეში უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაზე 5,45 მილიარდი ევრო დახარჯა, რაც რეალურად ქვეყნის მშპ-ს 1%-ის ტოლია. ამის შესახებ პოლონეთის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა პიოტრ არაკმა განაცხადა.

„პოლონეთის სახელმწიფოს ჯამურმა ხარჯებმა, რაც მოიცავს სახელმწიფო უწყებებისა და კერძო პირების დანახარჯებს, რომელიც გაწეული იქნა უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისთვის, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან პირველ სამ თვეში 5,45 მლრდ ევრო შეადგინა“, - აცხადებს არაკი.

ამავე ინსტიტუტის ცნობით, ამ თანხიდან დახლოებით, 2,14 მლრდ კერძო პირებმა გაიღეს.

გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან ქვეყანა 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რომელთაგან 5 მილიონმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა. მათგან 1,24 მილიონი უკრაინელი პოლონეთში ლტოლვილად დარეგისტრირდა.

კოკა კვირკველია