ტანსაცმლის შვედური ქსელი H&M რუსეთის ბიზნესს ყიდის. „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ კომპანია პოტენციურ მყიდველებს იჯარის უფლებას 170-მდე მაღაზიაზე სთავაზობს, ასევე, მყიდველს 57,7 ათასი კვადრატული მეტრ ფართობის სადისტრიბუციო ცენტრი და 210 მლნ დოლარის ღირებულების მარაგი გადაეცემა.
გამოცემა ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში არ არის მოთამაშე, რომელიც ასეთი დიდი ქსელის მართვასა და ტანსაცმლის საჭირო მოცულობის მიწოდებას შეძლებს.
„კომერსანტის“ წყაროს ცნობით, გასაყიდად გამოტანილი აქტივები რუსეთის ფედერაციის 65 ქალაქში, დაახლოებით, 170 მაღაზიის საიჯარო უფლებების პორტფელს მოიცავს, რომელთაგან 40%-ს მუშაობის ვადა 2050 წლამდე, ხოლო 50%-ს 2030-2050 წლამდე აქვს. აქტივებს შორის არის 57,7 ათასი კვ.მეტრის სადისტრიბუციო ცენტრი და 30 კვირის საქონლის მარაგი, რისი სავარაუდო ღირებულებაც 210 მლნ დოლარია. წყარო ხაზს უსვამს, რომ კომპანიამ გადაწყვიტა, საქონელი ყოველგვარი ფასდაკლებისა და ლიკვიდაციის გარეშე გაყიდოს. ასეთ პოზიციას ადგილობრივი ტოპ-მენეჯერი იმ იმედით ლობირებს, რომ 2023 წლის ზაფხულისთვის სიტუაცია გამოსწორდება.
„კომერსანტის“ წყარო ადასტურებს, რომ ტანსაცმლის ქსელის რუსული სტრუქტურის შესაძენად შეთავაზება ივლისის პირველ ნახევარში მიიღო. თავად H&M „კომერსანტთან“ კომენტარს არ აკეთებს. გამოცემის წყაროს მიხედვით, H&M-ის რუსული ბიზნესის შესაძენად შეთავაზება, სავარაუდოდ, რუსული მოდის უმსხვილესმა საცალო მოვაჭრემ, Melon Fashion Group-მა მიიღო, რომელიც Zarina-ს, Befree-ს, Love Republic-ისა და Sela-ს ბრენდებით 840-ზე მეტ მაღაზიას ამუშავებს. შეთავაზება მიიღო, ასევე, ჯგუფმა, „სპორტმასტერმა,“ რომლსაც 600-ზე მეტი ობიექტი აქვს.
შვედურმა ჯგუფმა რუსეთში მუშაობა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე კვირებში შეაჩერა, ხოლო 18 ივლისს ჯგუფმა ბაზრიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. H&M-მა რუსეთში ბიზნესის დახურვის ღირებულება, დაახლოებით, 11 მლრდ რუბლით (183 732 369 დოლარად), ანუ მიმდინარე კურსით, 2 მლრდ შვედური კრონით შეაფასა, საიდანაც, დაახლოებით, მილიარდი კრონი ჯგუფის შემოსავალზე იქონიებს გავლენას. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანია ეტაპობრივად გახსნიდა ფიზიკურ მაღაზიებს, რომ დარჩენილი საქონელი ეტაპობრივად გაეყიდა.
H&M Group რუსეთში 2009 წლიდან მუშაობს და ამავე სახელწოდების სავაჭრო ნიშნის გარდა, Monki-ს, Weekday-ს, Cos-ის, Other Stories-სა და Cheap Monday-ს ბრენდებს მართავს. 2021 წელს H&M-ის შემოსავალი, დაახლოებით, 75 მლრდ რუბლი (1 251 800 522 დოლარი), სუფთა მოგება კი 8,8 მლრდ რუბლი (147 409 036 დოლარი) იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ