ინტერნეტ რეკლამით ყველაზე მეტ მოგებას "გუგლი" და "ფეისბუქი" ნახულობენ

"გუგლი" და ფეისბუქი" კვლავ რჩებიან მსოფლიოს წამყვან კომპანიებად, რომლებიც ყველაზე დიდ მოგებას ნახულობენ ინტერნეტ რეკლამისგან.

eMarketer-ის მონაცემებით, 2014 წელს ინტერნეტ რეკლამამ "გუგლის" სარეკლამო შემოსავლის 31,10 პროცენტი შეადგინა, რეკლამის დამკვეთთა რაოდენობამ კი 4 მილიონს მიაღწია.

"ფეისბუქის" დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, სოციალურ ქსელს დღესდღეობით 2 მილიონი რეკლამის დამკვეთი ჰყავს. მისივე თქმით, გასულ წელს "ფეისბუქს" 500 ახალი რეკლამის დამკვეთი შეემატა.

Adweek-ის ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ინტერნეტ რეკლამიდან შესულმა მოგებამ "ფეისბუქისთვის" 3,6 მილიარდი როლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 60 პროცენტით მეტია 2013 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებთან შედარებით.

"გუგლსა" და "ფეისბუქს" მკვეთრად ჩამორჩება "ტვიტერი", რომლის რეკლამის დამკვეთთა რაოდენობა მხოლოდ 60 ათასია.

თუმცა, "ტვიტერის" წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე წელს მათ უკვე მოიზიდეს მსხვილი ბრენდები, რომლებიც თანახმა არიან რეკლამა განათავსონ "ტვიტერზე".

eMarketer-ის ცნობით, საშუალოდ "ტვიტერზე" თითო რეკლამის დამკვეთი 21 ათას დოლარს იხდის. ამ მხრივ, შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ "ფეისბუქსა" და "გუგლს" - შესაბამისად 16 ათასი და 7 ათასი დოლარი.