მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა.

განაცხადის მიხედვით, სააგენტო საკონსულტაციო და საკონტროლო მომსახურებებს შეიძენს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1 მლნ ლარია.

როგორც შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გამარტივებული შესყიდვიდან ირკვევა, სააგენტოს სურვილია მომსახურების მიღება მოხდეს ისეთი კომპანიებისგან როგორიცაა: White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V.

„ღონისძიების შეზღუდული ვადები და წინასწარ დაგეგმვის შეუძლებლობა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისათვის საჭიროა მაქსიმალურად მოკლედ დროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნისა და გამოცდილების იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა მიმართულებების საკონსულტაციო და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვა.

დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები (Dechert Georgia (შემდგომში შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“), White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V.ა ა.შ.), რომლებიც სრულად არიან ჩართულნი პროექტში, იცნობენ პროექტის ყველა დეტალს და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნულ/ასეთ კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს.

ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებები გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშრისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ გარანტიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის პროექტების განსახორციელებლად,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

თაია არდოტელი