საკრებულომ თბილისის მეწარმეობის ცენტრის დაფუძნებას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ თბილისის მეწარმეობის ცენტრის დაფუძნებას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული ინიციატივის მომხრე 35 დეპუტატიდან იყო 19, მოწინააღმდეგე - 11, ხოლო სამმა დეპუტატმა თავი შეიკავა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით თბილისის საკრებულომ თბილისის მთავრობას ცენტრის დაფუძნების შესახებ თანხმობა მისცა.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ცენტრი მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებაში ხელს შეუწყობს. თბილისის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრი ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემების მოგვარებისკენ. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ ცენტრს ყოფილი ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით კი, ცენტრის შექმნა არამართებულია, რადგან მსგავსი თემატიკის სამსახურები თბილისის მერიაში ისედაც არსებობს და ამ მხრივ გაწეული ხარჯები უსაფუძვლო და გაუმართლებელია.

მათივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრე მარგიშვილის პირადი ინტერესებისთვის და მისი დასაქმებისთვის. დეპუტატების ინფორმაციით, ამ სამსახურში მარტო ხელფასების სახით 2 მილიონ ლარზე მეტი უნდა გაიცეს. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.