მდგმურებს ქირის გადახდა ძალიან გაუჭირდათ

სავალუტო კრიზისმა თავსატეხი ბინის მფლობელებსაც გაუჩინა

ბინის გამქირავებლებისთვის სახელშეკრულებო პირობები იცვლება. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, ახალ ხელშეკრულებაში სავალუტო კურსსაც გაითვალისწინებენ, რაც დამქირავებლებს მეტ გარანტს მისცემს და სავალუტო რყევებისგან დაიცავს. არ არის გამორიცხული, ბინის მფლობელებს სავალუტო ცვლილებების შემთხვევაში, ზღვარი დაუწესდეთ. ბოლო დროს მიმდინარე სავალუტო კრიზისმა უძრავი ქონების ბაზარზე სერიოზული პრობლემა შექმნა. არსებული ტენდენციით, თბილისში ბინის დაქირავება ჭირს, ხოლო გირაო საერთოდ აღარ არის.

უძრავი ქონების აგენტები პრობლემას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ, რის გამოც მომხმარებლებს ბინის ქირის გადახდა უჭირთ. ქირის ფასი უშუალოდ ამ პერიოდში არ შეცვლილა, თუმცა მდგმურებს მისი გადახდა უფრო გაუჭირდათ. დილერების ინფორმაციით, ლარის გაუფასურებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, ხალხს ქირის გადასახდელი თანხა აღარ აქვს. პრობლემა შეიმჩნევა როგორც დედაქალაქის ცენტრალურ, ასევე გარეუბნებშიც.

უძრავი ქონების სააგენტო ”კიბის” დამფუძნებელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ ბინის მფლობელებთან წელს უფრო აქტიურად თანამშრომლობს, რაც ამ სფეროში არსებული პრობლემების შედეგია. იმის გამო, რომ ბინის მეპატრონეებს პირდაპირი გზით უჭირთ კლიენტების მოძიება, დილერებთან თანამშრომლობას არჩევენ. გოგუაძის თქმით, არ არის გამორიცხული, ბინის გასაქირავებლად ფასი ზოგიერთმა მფლობელმა ლარშიც კი დაადგინოს. ასეთი შემთხვევა კომერციული ობიექტების გაქირავებისას უკვე დაფიქსირდა.

”ბინის გაქირავების მიზნით კლიენტები იშვიათად მოგვმართავდნენ. ახლა, რაც სავალუტო კრიზისია და ფართის გაქირავება ჭირს, მეპატრონეები რეალური კლიენტის მოძიებას ჩვენი დახმარებით ცდილობენ. პრობლემა გამოიწვია იმან, რომ ბაზარზე ძალიან ცოტა დამქირავებელია. მათი რაოდენობა მუდმივად მცირდება. ეს ეხება მთელ დედაქალაქს, რადგან, ფაქტობრივად, იაფი ბინა არ არსებობს, არსებული მდგომარეობით, თბილისში 300 ლარზე ნაკლებად ბინის დაქირავება შეუძლებელია. ამ ფასად ვარკეთილში განადგურებული, საცხოვრებლად თითქმის უვარგისი ბინა ქირავდება, რაც წარმოუდგენელი ფასია. ე.წ. მდგმურები უკვე ცდილობენ, ბინის მფლობელებთან ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმონ, რომ დაცვის მეტი მექანიზმი ჰქონდეთ. არ არის გამორიცხული, გამქირავებლებისთვის სახელშეკრულებო პირობები შეიცვალოს. სავარაუდოდ, ხელშეკრულებაში სავალუტო კურსსაც გაითვალისწინებენ და მფლობელებს სავალუტო რყევის შემთხვევაში, შესაძლოა, ზღვარი დაუწესდეთ”, - ამბობს გოგუაძე.

ტენდენცია, რომ ხალხი ცენტრალური უბნებიდან გარეუბნებისკენ დაძრულიყო, არ შეიმჩნევა. ”ვინც ცენტრში ცხოვრობს და აქვე აქვს სამსახურიც, გარეუბანში არ წავა. შეიძლება, ფასში უმნიშვნელო სხვაობა ჰქონდეს, მაგრამ ხარჯი გაცილებით მეტი იქნება და არ უღირს. გარეუბანში მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ იქ პატარა ბინის გაქირავებაც უჭირთ, რადგან ქირა ძალიან დიდია. დოლარის კურსი კლებისკენაა და ამან ბაზარი მეტ-ნაკლებად უნდა დაარეგულიროს. ზოგიერთი იმაზეც წამოვიდა, რომ ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში მოახდინოს. ასეთი პრეცენდენტი კომერციული ობიექტის გაქირავებისას უკვე დაუშვეს. ფართს, რომელიც 300 დოლარად ქირავდება, მფლობელი 500 ლარად აქირავებს. ჯერჯერობით ეს იშვიათი გამონაკლისია და ვერ გეტყვით, რომ მიმბაძველები გამოუჩნდება. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და გაქირავებაც უცხოურ ვალუტაში ფიქსირდება, სამომავლოდაც ასე გაგრძელდება”, - ამბობს ნელი გოგუაძე.

არსებულ პრობლემებზე საუბრობს თბილისის გარეუბნებში მომუშავე უძრავი ქონების სააგენტოს ზოგიერთი წარმომადგენელიც. დილერ ლიკა ბენიას თქმით, ბინის გაქირავება მფლობელისთვის თავსატეხად იქცა და უკიდურეს სიტუაციაში კლიენტთან დათმობაც უწევთ.

”ცენტრალურ უბნებში, სადაც ქირის ფასი მაღალია, მომხმარებელთა დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება. ფასი ნაკლებია გარეუბნებში, მაგრამ გაქირავება იქაც ჭირს. მოსახლეობას შემოსავალი შეუმცირდა და მისთვის სასურველი ბინის დაქირავება პრობლემა გახდა. უკეთეს შემთხვევაში, მეპატრონეები დათმობაზე მოდიან და ცოტა შეღავათს აკეთებენ, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებსაც საცხოვრებელი უკვე დაქირავებული აქვთ. დოლარის მაღალი კურსის გამო, ზოგი ლარში ცოტა ნაკლებს იხდის, მაგრამ ასეთი კეთილსინდისიერი გამქირავებელი დედაქალაქში ბევრი არ არის. ფაქტია, რომ ბინის ქირა ხალხს მძიმე ტვირთად აწვება. ადრე მოთხოვნა ყოველთვის რაიონებიდან ჩამოსული მოსახლეობის ხარჯზე იყო. ბოლო პერიოდში კი საცხოვრებელი ბევრმა თბილისელმა დაკარგა და მათ დიდ ნაწილს ქირით უწევს ცხოვრება. ამ კატეგორიას ახლა გაცილებით დიდი პრობლემა აქვს და ნებისმიერი ფინანსური კრიზისი მათ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს”,- ამბობს ლიკა ბენია.

სავალუტო კრიზისმა ბინის მფლობელებს სხვა თავსატეხი გაუჩინა. თბილისელი ნორა წილოსანი ამბობს, რომ ახლა მეტ რისკს ხედავს, რის გამოც კეთილსინდისიერი გადამხდელის მოძიება კიდევ უფრო უჭირს, ხოლო არსებულ კლიენტთან ურთიერთობა დაეძაბა.

”მარჯანიშვილზე ერთოთახიანი ბინა მქავს, რომელსაც დროდადრო ვაქირავებ. მე და ჩემი მეუღლე არ ვმუშაობთ და თავი ძირითადად, ამ საშუალებით გაგვაქვს. აქამდე 400 დოლარად ვაქირავებდი და ასე თუ ისე, გვყოფნიდა. მდგმური უკვე გაქცევაზეა, ცხადია, ამ თანხას ვერ მიხდის. უკვე 700 ლარამდე შეღავათი გავუკეთე და მაინც უკმაყოფილოა. არ ვიცი, რა გზა გამოვნახო. ახალი მდგმურის მოძიება გამიჭირდება, თანაც რისკია, დაბნეული ვარ. კლიენტთან ურთიერთობა დამეძაბა და ვერც ახალს ვპოულობ”, - ამბობს ნორა წილოსანი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”