ევროკავშირის 27 ქვეყნიდან რუსული აქტივები მხოლოდ ექვს ქვეყანას აქვს დაბლოკილი

საფრანგეთმა, რუსეთის ცენტრალური ბანკის ქონების გარდა, 1,2 მლრდ ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ გაზეთ La Tribune-თან ინტერვიუს დროს ფინანსთა სამინისტროს დაზვერვის განყოფილების უფროსმა, გიომ ვალეტ-ვალამ განაცხადა.

მისი თქმით, გაყინულია როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური აქტივები.

„ეს ზომები ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად მივიღეთ, რომელმაც პერსონალური სანქციების სია დაადგინა,“ - აცხადებს გიომ ვალეტ-ვალა.

მანამდე იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მხოლოდ ექვსმა მიიღო აქტიური მონაწილეობა ევროპაში რუსული აქტივების ბლოკირებაში. საუბარია გერმანიაზე, საფრანგეთზე, ირლანდიაზე, ავსტრიაზე, ბელგიასა და ლუქსემბურგზე, რომელთა წილიც ევროკავშირის მასშტაბით გაყინული 13,9 მლრდ ევროს აქტივებიდან 12,7 მლრდ ევროს შეადგენს.

ადრე ამერიკული Forbes წერდა, რომ საფრანგეთმა, სხვა აქტივებთან ერთად, რვა რუსი მილიარდერის უძრავი ქონების 31 ობიექტი დააპატიმრა, რომლებიც ევროკავშირის პერსონალური სანქციების ქვეშ მოექცნენ. გაყინულ ქონებას შორის არის რომან აბრამოვიჩის, ანდრეი მელნიჩენკოს, ალექსანდრე პონომარენკოს და სხვების ვილები საფრანგეთის რივიერაზე. საფრანგეთმა, ასევე, ალექსეი კუზმიჩევის ორი იახტა დააპატიმრა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ