რუსულ ბაზარს რომ ჩავეხსნათ, პროდუქცია 2-3-ჯერ გაძვირდება - ივა ჭყონია

ყველაზე სწრაფად, ყველაზე ხარისხიანი და იაფი პროდუქცია რუსეთიდან შემოდის - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.

ჭყონიამ ასევე განმარტა, როგორ რეაგირებს ბაზარი ფასების ცვალებადობაზე.

„ზეთის ფასი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 5-10%-ით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ 1-ლი აგვისტოდან საბაჟო გადასახადი რუსეთმა გაზარდა. თუმცა, თვითონ პროდუქტზე ფასის შემცირებამ ფასის კლება გამოიწვია. იგივე სიტუაციაა შაქარზე. თუმცა, იქ სხვა, ლოგისტიკის პრობლემაა. ფოთის და ბათუმის პორტებთან არის და ჭირს შემოსვლა. ეს პრობლემებს ქმნის, პროდუქტს, რომლის ჩამოტანასაც 3-დან 5 დღემდე სჭირდებოდა, დღეს 2-3 კვირა სჭირდება. ამ პერიოდში, იგივე გადარიცხული თანხას საბანკო პროცენტი ერიცხება. ეს ქმნის ნეგატიურ ფაქტორებს და ეს იწვევს, რომ ლარის გამყარების პროპორციულად ვერ მცირდება პროდუქციის ფასი“, - აცხადებს ჭყონია.

ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს იმასაც, რატომ არის რუსული ბაზარი უალტერნატივო.

,,სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია. ყველაზე სწრაფად, ყველაზე ხარისხიანი და იაფი პროდუქცია იქედან შემოდის. ბურღულეულის, ფქვილის, ზეთის ნაწილში ალტერნატივა სამწუხაროდ, არ არსებობს. ჩვენ რომ რუსეთის ბაზარს ჩავეხსნათ და ევროპიდან შემოვიტანოთ პროდუქცია, ფასები 2-3-სამჯერ გაიზრდება. თურქული პროდუქტიც 30%-ით ძვირია. ამიტომ, თავისუფალი ბაზრის პრინციპიდან გამომდინარე გასაგებია რატომ რუსეთიდან.

რუსეთიდან ლოგისტიკური პრობლემა არ ყოფილა ომის პირველ ეტაპზეც კი. თუ არ ჩავთვლით ლარსზე რიგს, კლიმატური პირობების გამო. პროდუქცია, რომელიც დახლებიდან გაქრა ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგი იყო“, - განაცხადა ჭყონიამ „საქმეში“.

თამარ მუკბანიანი