რა ღირს კერძო სახლები თბილისში

2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.9 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-2.4 პროცენტი).

ამასთან, 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში 8.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წლის მეორე კვარტალში კერძო სახლების ღირებულება (1კვ.მ) დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შემდეგი იყო:

მთაწმინდა - 3 215 ლარი;

ვაკე - 3 113 ლარი;

საბურთალო - 2 506 ლარი;

ისანი - 2 387 ლარი;

კრწანისი - 2 295 ლარი;

დიდუბე - 2 072 ლარი;

სამგორი - 2 033 ლარი;

ჩუღურეთი - 1 964 ლარი;

ნაძალადევი - 1 838 ლარი;

გლდანი - 1 604 ლარი.

თაია არდოტელი